მაშველები და სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ მტკვარში ჩავარდნილ მანქანაში მყოფ ახალგაზრდებს და მთელი დღეა სამწუხაროდ მათ ვერ მიაგნეს. როგორც ცნობილია, 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდები ისხდნენ “ფორდ ფუჟენის” მარკის ავტომობილში, როცა მათ მანქანას სხვა ავტომობილი დაეჯახა და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მტკვარში გადავარდა.
შემთხვევა წუხელ, ღამის 1 საათზე მოხდა და მას შემდეგ სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ამბობენ, მანქანაში სულ 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მაშველებმა ერთი პირის გადარჩენა შეძლეს და ამ დრომდე ეძებენ სამ ახალგაზრდას. მათ შორის ორის ვინაობა ჩვენთვის ცნობილია, ისინი ზუგდიდელი ბიჭები არიან გიგა შამუგია და უტა ელიავა.
როგორც საზოგადოებამ იცის, საჭირო გახდა მტკვარში წყლის დონის დაწევა და ამაზე ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა. “თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილი, რომელშიც იმყოფებოდა რამდენიმე მგზავრი გადავარდა მდინარე მტკვარში. შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე, მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა. ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ავტომობილში მყოფი სხვა მგზავრების მიმართ სამაშველო ღონისძიება, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და ყველა შესაბამისი წყალზე სამაშველო სპეც-ტექნიკა. გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.