ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა კოლეგას, ვინც ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ სახაროვის პრემია ორ დაპატიმრებულ ჟურნალისტს მინიჭებოდა. ანჯეი პოჩობუტის და მზია ამაღლობელის ციხეებს შორის რამდენიმე ათასი კილომეტრის დისტანციის მიუხედავად, თავისუფლებისთვის მათი ბრძოლა იგივეა.
როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? შეიძლება ეს ჩვენს ქვეყნებში მოხდეს? ორივე ქვეყანაში – ბელარუსსა და საქართველოში – ყველაფერი დემოკრატიული არჩევნებით დაიწყო. დასაწყისში მედიის, უპირველეს ყოვლისა, ეროვნული მაუწყებლების რეპრესიები იყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ ამ ქვეყნების გზა იმ დღემდე, როდესაც ჟურნალისტები ციხეში აღმოჩნდნენ, ვინაიდან ჩვენი დემოკრატიები ასევე თავდასხმის ქვეშაა.
გუშინდელი სახაროვის პრემია სინდისისა და თავისუფლების ყველა პატიმარს ეხებოდა ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბიძინა ივანიშვილის ციხეებში. მათ ევროპული პარლამენტისგან ნათელი სიგნალი გავუგზავნეთ – თქვენ მარტო არ ხართ. გხედავთ, თქვენი გვესმის, და თქვენს დახმარებას ვცდილობთ. ბევრი მეგობარი გყავთ აქ, ევროპარლამენტში.
თუმცა, საქართველოში ვითარება უარესდება. მსურს, ყურადღება მიაქციოთ BBC-ის ცოტა ხნის წინანდელ გამოძიებას. ის ავლენს, რომ პირველი მსოფლიო ომიდან ქიმიური ნივთიერება გამოყენებულ იქნა პროტესტების ჩასახშობად 2024 წელს. ქიმიური ნივთიერებები წყლის ჭავლებში გაურიეს. ეს გამოძიებულ უნდა იქნას. კომისიასა და საბჭოს რეაგირებისკენ მოვუწოდებ, საერთაშორისო დამოუკიდებელი გამოძიების ინიცირება მოახდინონ.
ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობას დამოუკიდებელი გამოძიების ეშინია, მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ მათ სიმართლისა და დასჯის ეშინიათ. ეს აჩვენებს, რომ BBC-ის მიერ გამოვლენილი ფაქტები დიდი ალბათობით სიმართლეა. ბრძოლაში მყოფ ქართველ ხალხს უნდა დავეხმაროთ, ვინაიდან საქართველო ევროპაა,” – განაცხადა იუკნევიჩიენემ.




