რასაც ვითომ კომისიის სახელით ახორციელებენ ემსახურება ჯარის დემორალიზებას – არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა

არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა ეხმაურება “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი, ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობას. კონკრეტულად, იმ ნაწილს, როცა კომისია 2008 წლის აგვისტოს ომის შეისწავლის. არქიმანდრიტი ამბობს, რომ კომისიის საქმიანობა არა სიმართლის დადგენას, არამედ ჯარის დემორალიზებას ემსახურება.
კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა დაიბარა და გამოკითხვა ორი გენერალი – ზაზა გოგავა და მამუკა ყურაშვილი. რჩება აღქმა, რომ კომისია ცდილობს გამოკვეთოს ქართველი სამხედროების ბრალეულობა 2008 წლის აგვისტოს ომის დასწყებაში. ამას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. 28 მარტს, კომისიის სხდომის პარალელურად, მოქალაქეები პარლამენტთან შეიკრიბნენ პროტესტის გამოსახატად. გარდა ამისა, არაერთმა მოქმედმა თუ ყოფილმა სამხედრომ და პოლიციელმა საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია, რომ ომში საქართველოს დადანაშაულება ქვეყნის ღალატია.
არქიმანდრიტი ჯინჯოლავა წერს, რომ “ქვეყნის შიგნით მყოფი მტრები” ცდილობენ ორი ყველაზე რეიტინგული ინსტიტუტის, ჯარისა და ეკლესიის დემორალიზებას.
“უკვე ცნობილია, რომ ინსტიტუციურ დონეზე დასუსტებულია სასამართლო, პროკურატურა, განათლება და ჯანდაცვა. მაგრამ ეკლესიაზე ბოლო ათწლეულის განმავლობაში განხორციელებულმა შეტევამ, უდავოდ, უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა. ეს არ არის უბრალოდ ცალკეული პრობლემები – ეს მიზანმიმართული შეტევაა, რომელიც აღშფოთებას იწვევს ყველა იმ ადამიანში, ვისაც ჯერ კიდევ შემორჩა სინდისი და რწმენა. ახლა ჯერი ჯარზე მიდგა. ამ სისტემას დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ რასაც ვითომ კომისიის სახელით ახორციელებენ, არ ემსახურება სიმართლის დადგენას, არამედ – ჯარის დემორალიზებას. ჯარისკაცებს ეუბნებიან: “შენ შეგიძლია იბრძოლო სამშობლოს დასაცავად, მაგრამ შეიძლება მმართველი არასწორ ბრძანებას გაძლევდეს, ამიტომ შენც დამნაშავე იქნები. ჯობია, საერთოდ არ იბრძოლო, მშვიდობაა მთავარი. თუ ძლიერი მტერი მოვა, ჩაბარდი მას”, – წერს ჯინჯოლავა სოციალურ ქსელში.
არქიმანდრიტის თქმით, “ბოროტებას” ეკლესიის განადგურება იმიტომ სურს, რომ ის “ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის დამცველია”, ხოლო ჯარის იმიტომ, რომ ის “ქვეყნის უსაფრთხოებისა და წესრიგის” იცავს. მისი თქმით, ამ ორი ინსტიტუტის დასაცავად პასუხისმგებლობა თითოეულმა მოქალაქემ უნდა აიღოს.