გვაქვს მოცემულობა, რომ სხვადასხვა „ფეიკით“ პროცესის დისკრედიტაცია ხდება – ხელოვნური ინტელექტი იმის საშუალებას იძლევა, რომ მეც კი რაღაც ფაქტებთან დაკავშირებით ამალაპარაკეს, – ამის შესახებ ამის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, სადაც გაწეული საქმიანობის ანგარიშით მივიდა.
კუპრაშვილის მოსმენისას ყურადღება “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (ე.წ. FARA) და “გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების განხორციელებაზე გამახვილდა.
“ჩვენ ვნახეთ ვიდეორგოლები. ჩემი “ფეისბუქის“ გვერდის დაახლოებით ათი „ექაუნთი“ შეიქმნა, სადაც სხვადასხვა პოსტები და გაზიარებები იდებოდა. გვესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ვფიქრობ, რომ პროცესს არა ემოციურად, არამედ სწორად გავყვეთ და შედეგამდე სწორი კომუნიკაციით მივიდეთ“, – განაცხადა კუპრაშვილმა.
მან დღეს ხაზგასმით განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ბიურო ყველა იმ ფაქტს გამოავლენს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.
“ორგანიზაციებმა განაცხადეს, თითქოს მტკიცებულებები გაანადგურეს და აღარ არის. არანაირი მტკიცებულებების განადგურების აუცილებლობა არ არსებობს. იმ ინფორმაციას, რაზეც ისინი მიუთითებდნენ, ჩვენ არც კი ვითხოვდით.
მალე 80 წელი შესრულდება, რაც აშშ-ს ეს კანონი (FARA) აქვს. ჩვენ არ ვიცით აშშ-ს რა გამოწვევები ჰქონდა, მაგრამ ვიცით, დღეს რა აქვს პრაქტიკაში. როდესაც ჩვენ კოლეგებს აშშ-დან, საელჩოს წარმომადგენლებს ვხვდებით და ამ კანონის მიზნების თაობაზე ვსაუბრობთ, ვერ მეუბნებიან, რა იყო 80 წლის უკან, თუმცა დღეს აშშ-ს ადგება. ისინი ამბობენ, რომ დღეს ძალიან ცოტაა სტატისტიკა, როცა FARA-ში ეს თუ ის კომპანია რეგისტრირდება. დიახ, სწორია! თუ მასშტაბებს – 500 მილიონიან ქვეყანას და საქართველოს ერთმანეთს შევადარებთ, ამ თვალსაზრისით შეიძლება ცოტაა, მაგრამ იქ საკითხები მოწესრიგებულია და თითქმის მისულია ზღვრამდე, როცა მინიმალურია ფაქტები, რაც FARA-მ გამოავლინა. ეს არის ამ კანონის შედეგი. ჩვენ ვამბობთ, რომ ვნახავთ, რა შედეგი გვექნება 80 წლის შემდეგ!
ჩვენი მიზანია, ხვალინდელი დღეს არ იყოს ისეთი გამოწვევებით, როცა უცხო ქვეყნის ფულით დაფინანსებული ორგანიზაციებიდან პოლიტიკური დაფინანსება ხდება, როცა დავალებებს პირდაპირ უცხო ქვეყნის დირექტორები, უცხოური დონორები აძლევენ.
გარკვეულად ყველა საგრანტო ხელშეკრულების მიღმა არის შეფარული მოლაპარაკებები, თუ რაში უნდა დაიხარჯოს კონკრეტული თანხა“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.
