რაჟდენ კუპრაშვილი – ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია კანონის სრული დაცვით შემოწმდება – რაც შეეხება ე.წ ჟურნალისტურ გამოძიებებს, ანტიკორუფციული ბიუროს მანდატში შედის მამხილებლის მანდატი, ნებისმიერ ინფორმაციას ვიღებთ და ვამუშავებთ

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ს დეკლარაცია კანონის სრული დაცვით შემოწმდება.
როგორც კუპრაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარმოდგენილი 2022 წლის დეკლარაცია დადებითად შეფასდა.
“ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია 2022 წლის საანგარიშო პერიოდში დამოუკიდებელი კომისიის მოთხოვნის საფუძველზე შემოწმდა, დეტალურად იქნა შესწავლილი წარმოდგენილი ინფორმაცია და დეკლარაცია დადებითად შეფასდა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის დეკლარაციას, რომელიც წარმოადგინა ახლახან, ეს არის 2023 წლის საანგარიშო პერიოდი, ასევე შესამოწმებელ პირთა სიაში დასახელებული არის და მიმდინარე წელს აღნიშნული დეკლარაცია კანონის სრული დაცვით შემოწმდება”, – განაცხადა კუპრაშვილმა.
კითხვაზე, დაინტერესდა თუ არა ანტიკორუფციული ბიურო ირაკლი ღარიბაშვილის მიერ განხორციელებული ავირეისების საკითხის შესწავლით, რაჟდენ კუპრაშვილმა განმარტა, რომ ანტიკორუფციული ბიურო ამ საკითხზე ჟურნალისტურ გამოძიებებსაც ეცნობა და ეს საკითხიც შემოწმდება.
“რაც შეეხება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციებს და ე.წ ჟურნალისტურ გამოძიებებს, ანტიკორუფციული ბიუროს მანდატში შედის მამხილებლის მანდატი, ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ინფორმაციას ვიღებთ და ვამუშავებთ, ნებისმიერი განცხადებული ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თვალყურს ვადევნებთ როგორც ჟურნალისტურ გამოძიებას, ისე შემოსულ განცხადებებს და ინფორმაცოებს. რაც შეეხება თავად ამ დეკლარაციის შინაარს, ბატონი ღარიბაშვილის დეკლარაციაში წარმოდგენილი არის გარკვეული სახის ინფორმაცია, რომელიც მიმდინარე წელს შემოწმდება, მათ შორის თქვენს მიერ დასახელებულ ამ ნაწილშიც”, – განაცხადა კუპრაშვილმა.
რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, ბიურო თავდაცვის ყოფილი მინისტრის რაჟდენ კუპრაშვილის ქონებრივი დეკლარაციასაც შეისწავლის. „ხაზგასმით უნდა ვთქვათ ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი რა არის-ანტიკორუფციული ბიურო ახორციელებს ქონებრივ დეკლარაციებს. ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძის დეკლარაცია 2022 წელს შემოწმებულია. ჩვენ ეს მანდატი გადმოგვეცა 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან, მანამდე საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებდა ამ საქმიანობას და დადებითად არის შეფასებული. რაც შეხება 2023 წლის საანგარიშო პერიოდს, ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძეც დასახელებული არის შესამოწმებელ პირთა სიაში და მიმდინარე წელს მის მიერ წარმოდგენილი დეკლარაცია შემოწმდება“, – განაცხადა კუპრაშვილმა.
რაც შეეხება პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას, რაჟდენ კუპრაშვილის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის წარმოება გრძელდება. „საქმის წარმოება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა ამ ანგარიშის შედეგებსაც იხილავთ, როდესაც წარმოება დასრულდება“,-განაცხადა კუპრაშვილმა.