რაჟდენ კუპრაშვილი – ვიკვლევთ კორუფციულ ფაქტებს, რაც გრანტების ხარჯვას უკავშირდება – თუ აღმოჩნდება, რომ ბრიტანული თანხაც არაკეთილსინდისიერად არის გამოყენებული და პოლიტიკას ემსახურება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს

საქართველოში არ არის მარტო გრანტებთან დაკავშირებული პრობლემები, ამაზე ევროპული ინსტიტუტებიც საუბრობენ – ჩვენ დაგვიკავშირდა ძალიან მნიშვნელოვანი ევროპული ინსტიტუტი და მასთან ვთანამშრომლობთ, რათა გამოვარკვიოთ ის კორუფციული ფაქტები, რაც უკავშირდება გრანტების ხარჯვას, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის გრანტებს, კუპრაშვილი ამბობს, რომ ბრიტანელებს შეუძლიათ კეთილსინდისიერი მიზნებისთვის დახარჯონ თანხები.
„საქართველოში არ არის მარტო გრანტებთან დაკავშირებული პრობლემები. დღეს ავტორიტეტული ევროპული ინსტიტუტები უკვე საუბრობენ კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება გრანტს. ჩვენ უკვე დაგვიკავშირდა თანამშრომლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ევროპული ინსტიტუტი და მასთან ვთანამშრომლობთ იმისთვის, რომ ერთად შევძლოთ, გამოვარკვიოთ ის კორუფციული ფაქტები, რაც უკავშირდება გრანტების ხარჯვას. რაც შეეხება ბრიტანელებს – ბრიტანელებს შეუძლიათ, კეთილსინდისიერი მიზნებისთვის დახარჯონ თანხები. ამაზე უარეს არავინ ეტყვის“, – განაცხადა კუპრაშვილმა.
მან ასევე უპასუხა კითხვას, რატომ ეთქვა ბრიტანეთის საელჩოს გრანტების გაცემაზე უარი, რაზეც კუპრაშვილმა განაცხადა, რომ გრანტების გაცემა საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა.
კუპრაშვილი ამბობს, რომ მას დიდი ბრიტანეთის ელჩი პირადად შეხვდა და საკანონმდებლო რეგულაციებზე ინფორმაცია მიაწოდა.
„ბრიტანეთის საელჩოსთვის გრანტების გაცემაზე უარი არ გვითქვამს. ბრიტანეთის ელჩი ჩემთან იყო პირადად. გვქონდა შეხვედრა. ვისაუბრეთ საკანონმდებლო რეგულაციებზე. ჩვენ ნათელი მოვფინეთ ყველა რეგულაციას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განათლების მიმართულება, ჰუმანიტარული დახმარება, ეკონომიკური მიმართულებები სრულიად თავისუფლდება „ფარას“ ვალდებულებისგან. რაც შეეხება თვითონ გრანტის ხარჯვის ნაწილს – ეს არ არის ანტიკორუფციული ბიუროს დისკრეცია. ამას წყვეტს მთავრობა. მთავრობისგან უნდა აიღოს ნებართვა გრანტის ხარჯვის ნაწილთან დაკავშირებით. ჩვენ გვეკისრება მისი კონტროლი, თუ რამდენად სწორად და მიზნობრივად იხარჯება აღნიშნული თანხები. მე თანხმობასთან დაკავშირებით ვერც კის ვეტყოდი, ვერც უარს. ეს არის მთავრობის დისკრეცია.
მე არ მითქვამს, რომ არაკეთილსინდისიერად ხარჯავს ბრიტანეთის საელჩო თანხას. მე არ მაქვს ამის უფლება. წარმოების დასრულების შემდეგ, თუკი აღმოჩნდება, რომ ბრიტანული თანხაც არაკეთილსინდისიერად, ფარული საქმიანობისთვის არის გამოყენებული და პოლიტიკას ემსახურება, რა თქმა უნდა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის წარმომადგენლობა იქნება, აუცილებლად ვითანამშრომლებ იმ ქვეყნის ინსტიტუტებთან იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია მიწოდებული იყოს“, – განაცხადა კუპრაშვილმა.
ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა გრანტით პოლიტიკური აქტივობები დაფინანსდა, თუმცა ამ მიმართულებით მან არ დააკონკრეტა, რომელიც ქვეყნის საელჩო ჰყავს მხედველობაში.
„არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა გრანტებთან დაკავშირებით ფურცელზე იყო დატანილი მიზნები, სად უნდა დახარჯულიყო თანხები, თუმცა ამ თანხებით სხვადასხვა პოლიტიკური აქტივობები დაფინანსდა. მე არ გიკონკრეტებთ საელჩოს“, – აღნიშნა კუპრაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის პრესსპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, “რუსულის” იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე

პაატა ზაქარეიშვილი – ხაბეიშვილის განცხადება აბსურდული და საშიშია, გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთ, ან ფულს გადავუხდითო, ანუ ვიქნებით ბანდიტების ხროვა – მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ!