შპს „რანჩო გარდაბანმა“, რომელიც სამი წელია გარდაბანში ჰორშტეინებს ზრდის, მეორე ფერმა ააშენა. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის იურისტმა, არმაზ ხარძიანმა ისაუბრა.
ჰორშტეინი ჰოლანდიური, ჭრელი, ურქო პირუტყვია, რომელიც სიმაღლეში 2 მეტრს აღწევს.
კომპანიის იურისტის თქმით, ახალი ფერმა 1.5 მლნ ლარის ინვესტიციით აშენდა, ხოლო ჰორშტეინების ჰოლანდიაში შეძენისთვის კომპანიამ 990 000 ლარი დახარჯა. მისი ინფორმაციით, ახალი ფერმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა ამოქმედდეს.
“ჩვენ ვამაყობთ, რომ სუფთა სისხლის ჰოლანდიური ჰორშტეინი გვყავს. ფერმაში 70 პირუტყვია, სადაც დღეში 700-800 ლიტრ რძეს ვაწარმოებთ. ახალ ფერმაში 120 ჰორშტეინი განთავსდება, რომლებიც 3 თვეში საქართველოში იქნებიან. 120-ვე მაკეა, რაც წარმადობის 2.5 ტონა რძემდე ზრდას განაპირობებს”, – ამბობს კომპანიის იურისტი.
ამჟამად, შპს „რანჩო გარდაბანი“ რძეს კომპანია „მილკენში” აბარებს. რაც შეეხება დასაქმებულებს, ფერმაში ამ დროისათვის 6 ადამიანი მუშაობს. ახალი ფერმის ამოქმედების შემდეგ, კომპანია კიდევ 4 ადამიანის დამატებას გეგმავს.
