რამ გამოიწვია უძრავი ქონების და მშენებლობის სექტორში ინვესტიციების კლება? – რეალტორის შეფასება

2023 წელს 2022 წელთან შედარებით, უძრავი ქონების სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 6-ჯერ, მშენებლობის სექტორში კი 11-ჯერ შემცირდა. თუ 2022 წელს უძრავი ქონების ბაზარზე 366.5 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 59.7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო მშენებლობის სექტორში 34.4-დან 3.1 მლნ დოლარამდე.
GeoRealty-ის დამფუძნებელი მაია გამზარდია „კომერსანტთან“ ამბობს, ისევე როგორც უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირება, ასევე ამ სექტორში ინვესტიციების კლებაც მოსალოდნელი იყო, რადგან ბუმი გამოწვეული იყო რუსი მიგრანტების ეფექტით, რამაც გადაიარა.
ს მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის პიკმა უკვე გადაიარა და შესაბამისად მშენებლობის სექტორში და უძრავი ქონების კუთხით შემცირების ტენდენცია ფიქსირდება როგორც ინვესტიციების შემოდინების კუთხით, ასევე ყიდვის და ქირაობის მიმართულებით.
რუსი ბიზნესმენები აქტიურად დებდნენ ფულს მშენებლობის სექტორში და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ზრდა იყო, თუმცა ვითარება დასტაბილურდა.
პირადად მე მიგრანტებთან არ გამიფორმებია ქირავნობის და გაყიდვის არც ერთი ხელშეკრულება, ამიტომ ამ ეფექტზე ჩემი კომპანიის გამოცდილებით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ზოგადი ტენდენციიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ მიგრანტების მხრიდან მოთხოვნა უძრავ ქონებაზე საკმაოდ შემცირებულია ყველა მიმართულებით. თუ მათი მხრიდან მოთხოვნა ისევ გაიზრდება, მაშინ ფასიც და ვფიქრობ ინვესტიციებიც აიწევს, თუმცა განსაკუთრებულ ცვლილებას აღარ ველით, რადგან, როგორც აღმოჩნდა, მიგრანტების გარკვეულმა ნაწილმა ვისაც სურდა უძრავი ქონება შეიძინა და შესაბამისად, ბინებს აღარ ქირაობენ.
იმ პიკურ პერიოდში, როდესაც ფასები ყველაფერზე ძალიან მაღალი იყო, საინვესტიციო ბინებიც გაიყიდა მაღალი ფასით, ამას გარდა, საცხოვრებელი სახლების მშენებლობის თვითღირებულებაც ბოლო პერიოდში ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე კორონავირუსის შემდგომ პერიოდში იყო“, – ამბობს მაია გამზარდია.