„რამე რომ მომხდარიყო მეტყოდნენ“ – უქმნის თუ არა თოვლი საფრთხეს გელათს?

გელათის სახურავი – მათ შორის დროებითი გადახურვის ქვეშ – თოვლითაა დაფარული – ეს ჩანს ვიდეოში, რომელსაც ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლის“ წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი აქვეყნებს. კადრები 27 თებერვალსაა გადაღებული, მანამდე დიდთოვლობის გამო ძეგლთან მისასვლელი გზა გაუვალი იყო.
რამდენიმე დღის განმავლობაში გაუჩერებელი თოვის გამო დასავლეთ საქართველოში დაზიანდა შენობა-ნაგებობები, ჩაინგრა სახლების სახურავები და ავარიული შენობები.

როდესაც 2020 წლის გაზაფხულზე სოციალურ ქსელში გამოჩნდა ლურჯტენტგადაფარებული გელათის კადრები, დამტვრეულკრამიტიანი სახურავიდან ტაძარში გაჟონილი წყალი და დაზიანებული ფრესკები, პირველად გაჩნდა ეჭვი, რომ გელათს, ბაგრატის ტაძრის მსგავსად, შეიძლებოდა „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდანაც ამოეღოთ.
2013 წლიდან დაწყებულმა კნსერვაციის პროცესმა ბევრი ეტაპი გამოარა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არ განელებულა მსჯელობა იმაზე, რომ ტაძარს არასწორი რეკონსტრუქციის გამო მნიშვნელოვანი საფრთხეები ემუქრება. ბოლოს ტაძრის სახურავის ნაწილი დამატებითი დროებითი კონსტრუქციით 2024 წელს გადაიხურა.
„საკურთხევლის თავზე სახურავი, იქ სადაც ღვთისმშობლის მოზაიკაა, 2020 წელს თუნუქის ფენილით იყო გადახურული. შარშან ეს ფენილი გელათის რესტავრაციის კომიტეტმა მოხსნა. ახალი გადახურვა გააკეთა. მაშინ ჩვენი პოზიცია ასეთი იყო, რომ ეს გელათს ნალექისგან ვერ დაიცავდა. ვავრცელებდით ფაქტებს, რომ ტენტის შიგნით აღწევდა წვიმა“, – ეუბნება თორნიკე ბარათაშვილი რადიო თავისუფლებას და განაგრძლობს – „ახლა არა თუ აღწევს, მთლიანად თოვლითაა დაფარული და დაზიანების რისკი მაღალია. გადახურვა ნორმალური რომ იყოს, სახურავზე თოვლის მაგივრად კრამიტი უნდა ჩანდეს“.
2023 წელს კულტურის სამინისტრომ გელათის კომპლექსის რეაბილიტაცია საპატრიარქოს გადააბარა.
გელათის რესტავრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) უარყოფს, რომ გელათი საფრთხის ქვეშაა.
„თქეში წვიმები, ქარი და დაზიანებული სახურავი რომ იყო, მაშინ ჩადიოდა წყალი. ახლა გადაფარებულია, გუმბათქვეშა სტრუქტურა მთლიანად გადახურვის ქვეშაა მოქცეული. იქიდან შეუძლებელია წყალი ჩავიდეს. დღესაც მუშაობენ იქ გოგოები მხატვრობის კონსერვაციაზე და მსგავსი რამე რომ მომხდარიყო, მეტყოდნენ“, – ამბობს არქიმანდრიტი.
გელათის მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელოვანესი ცენტრია. შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ის 1106 წელს დავით აღმაშენებელმა დააარსა. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროის (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები.