რამდენი უნდა იყოს საცხოვრებელი ხელფასი საქართველოში?

რას ნიშნავს და რამდენი უნდა იყოს საცხოვრებელი ხელფასი საქართველოში. ამის შესახებ კვლევას „ღირსეული შრომის პლატფორმა“ აქვეყნებს.
„საცხოვრებელი ხელფასი არის ხელფასის ის ოდენობა, რომელიც ფარავს მშრომელთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს. საცხოვრებელი ხელფასი უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ საბაზისო ხარჯებს როგორიცაა კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები. საცხოვრებელი ხელფასი ასევე უნდა ფარავდეს მოულოდნელ ხარჯებს და რაც მთავარია, მისი გამომუშავებისათვის მშრომელებს არ უნდა სჭირდებოდეთ ზეგანაკვეთური შრომა – საცხოვრებელი ხელფასის მიღება შესაძლებელი უნდა იყოს ერთ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაშიც.
საცხოვრებელი ხელფასი განსხვავდება „საარსებო ხელფასისგან“. საარსებო ხელფასი წარმოადგენს მინიმალურ ანაზღაურებას, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მშრომელის ღირსეულ ცხოვრებას და ის მხოლოდ საარსებოდ აუცილებელ ხარჯებს ფარავს. საცხოვრებელი ხელფასი მინიმალური ხელფასისგანაც უნდა განვასხვავოთ. ეს უკანასკნელი არის კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ანაზღაურება, რომელიც დამსაქმებლებს შეუძლიათ კანონიერად გადაუხადონ თანამშრომლებს. განსხვავების მიუხედავად, მინიმალური ხელფასი პრაქტიკაში შესაძლოა დამოკიდებული იყოს საცხოვრებელი ხელფასზე ან/და მათი ოდენობა ემთხვეოდეს.“- ნათქვამია კვლევაში.
კვლევის თანახმად საცხოვრებელი ხელფასი საქართველოში უნდა იყოს 1706.50 ლარი.
რატომ არის მნიშვნელოვანი საცხოვრებელი ხელფასის გადახდა?
დასაქმებულებისთვის საცხოვრებელი ხელფასის გადახდის მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა, მათ შორის მთავარი საკუთარი შრომით მიღებულ შემოსავალსა და ღირსების დაცვასთან ურთიერთკავშირია. მშრომელები, რომლებიც თავის დროსა და ენერგიას დამსაქმებელს ახმარენ, უფლება აქვთ მიიღონ საკმარისი და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი ანაზღაურება.
ისეთ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც მშრომელები ქრონიკულად დაბალ ანაზღაურებას იღებენ და ვერ ახერხებენ გაჭირვებიდან თავის დაღწევას, სასტიკი, გაუსაძლისი და გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია. დამსაქმებლები, რომლებიც იხდიან საცხოვრებელ ხელფასს, ხელს უწყობენ საქართველოში თანასწორი, სამართლიანი და სტაბილური საცხოვრებელი გარემოს შექმნას.
საცხოვრებელი ხელფასის გადახდას აქვს კომპანიებისთვის უზარმაზარი ეკონომიკური სარგებლის პოტენციალი. სინამდვილეში, საცხოვრებელი ხელფასის გადახდა წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღ ინვესტიციას, რომლის განხორციელებაც ბიზნესს შეუძლია.
პირველ რიგში, მშრომელების უკეთესი ხელფასი ნიშნავს, რომ მათ მეტი ფული აქვთ დასახარჯად, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას. ამასთან, კომპანიები ხშირად ჩივიან, რომ ვერ პოულობენ ან ინარჩუნებენ კარგ კადრებს. საცხოვრებელი ხელფასი კი, თავის მხრივ ეხმარება ამ პრობლემის მოგვარებას. უკეთესი ხელფასი ზრდის თანამშრომელთა კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას, ზრდის მათ ერთგულების და კარგი კადრებიც ნაკლებად გადიან პროფესიიდან. მშრომელები, რომლებიც უფრო დიდხანს რჩებიან სამსახურში, როგორც წესი, უკეთესად ასრულებენ მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გააუმჯობესოს პროდუქტიულობა და კომპანიის რეპუტაცია.
რამდენია რეალური ხელფასები საქართველოში?
სამწუხაროდ, საქართველოში არსებული ხელფასები ამჟამად საცხოვრებელ ხელფასზე გაცილებით დაბალია. კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია და 1999 წლის შემდეგ არ განახლებულა.
სახელმწიფოს მონაცემების თანახმად, მედიანური ხელფასი- თანხა, რომელიც მშრომელებს ორ თანაბარ ჯგუფად ყოფს – 2022 წლისთვის თვეში 1040 ლარი იყო. ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულთა 50% ამ თანხაზე ნაკლებს იღებს. საშუალო ხელფასიც კი 2022 წელს საშუალო ხელფასი თვეში მხოლოდ 1543 ლარს შეადგენდა, რაც საცხოვრებელ ხელფასთან შედარებით დაბალია.

ასევე დაგაინტერესებთ