რამდენი მგზავრი გადაიყვანა საქართველოს რკინიგზამ I კვარტალში

2024 წლის I კვარტალში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაყვანილია 465 900 მგზავრი, რაც 1.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამავე პერიოდში მგზავრთბრუნვის მოცულობამ 128.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა, რაც 6.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის I კვარტალში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 462 100 მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 99.2 პროცენტს შეადგენს და 0.5 პროცენტით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 3.8 ათასი მგზავრი, რაც 50.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 56.1 პროცენტი შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 43.9 პროცენტი (2024 წლის I კვარტალში სხვა მოსაზღვრე ქვეყნის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა).