რამდენი კომპანია დააფუძნეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში

საქართველოში დროებით თუ ხანგრძლივად შემოსულმა ს ფედერაციის მოქალაქეებმა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ 1550 კომპანია დააფუძნეს. რუსეთის მოქალაქეების ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის ოდენობამ კი 25 689 შეადგინა. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა დაფუძნებული კომპანიების შესახებ იუსტიციის სამინისტროს მიერ დეპუტატ თინათინ ბოკუჩავასთვის გაცემული პასუხიდან ირკვევა.
„მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, გაცნობებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის მიმდინარე პერიოდამდე დარეგისტრირდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მქონე 25 689 ინდივიდუალური მეწარმე.
ამავე პერიოდში წარმოშობილ სუბიექტებში, 1550 იურიდიული პირის წილის მესაკუთრედ ან/და დამფუძნებლად დარეგისტრირდა 1957 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.
წილის მესაკუთრის ან/და დამფუძნებლის შესახებ მონაცემები მოძიებულია შემდეგი სამართლებრივი ფორმის მქონე სუბიექტებში: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
დამატებით გაცნობებთ, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ელექტრონულ მონაცემებში ინფორმაცია მონაწილე პირის მოქალაქეობრივი კუთვნილების შესახებ აისახება მხოლოდ სუბიექტის რეგისტრაციის ეტაპზე. განცხადების წარმოდგენისას – რეგისტრაციამდე მოქალაქეობრივი კუთვნილების მონაცემი მართვის ავტომატური საშუალებებით არ მუშავდება. მონაცემების დასამუშავებლად აუცილებელია თითოეული საქმის მასალის ცალ-ცალკე დამუშავება, რაც მომართვიანობის მატების პირდაპირპროპორციულად ზრდის ხარვეზის დაშვების რისკს. თქვენს წერილში მითითებული პერიოდის და საქმეების რაოდენობის გათვალისწინებით მონაცემთა ინდივიდუალური დამუშავება დაკავშირებულია დიდ დროსა და ადამიანური რესურსის ამ მიზნით გამოყოფასთან“, – ნათქვამია დეპუტატისთვის გაგზავნილ პასუხში.
ინდმეწარმის სტატუსის აღების მასშტაბური მაჩვენებელი სავარაუდოდ ამ სტატუსის საგადასახადო შეღავათებთან არის დაკავშირებული. შეგახსენებთ, საქართველოში მცირე მეწარმის სტატუსის მფლობელებს შეუძლიათ წლის განმავლობაში მიღებულ 100 000 ლარამდე შემოსავალზე მხოლოდ 1%-იანი გადასახადი გადაიხადონ.