თბილისში საახალწლო სამზადისმა ჩაიარა. 5 დღის წინ, 2024 წლის 31 დეკემბერს, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა პროდუქტები აგრარულ ბაზარში იყიდა, თუმცა წელს თბილისის ბაზრებში არც ისე ბევრი ხალხი იყო.
საახალწლო სამზადისის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები ამბობენ, რომ ფასები გაზრდილია და საახალწლო სუფრა წელს უფრო ძვირი დაჯდა, ვიდრე შარშან.
„რა გითხრათ, ვისაც რა საშუალება აქვს, ისე ყიდულობს საახალწლოდ პროდუქციას. კარგი იქნება, რომ ფასები დაბალი იყოს, ან ხელფასი იყოს იმდენი, რომ ეყოთ. 300-400 ლარი გინდა, რომ ნორმალურად შეხვდე ახალ წელს – ტკბილეული, ხორცი და ყველაფერი გქონდეს. ფასები ძალიან მაღალია. ამიტომ, ხალხი ვერ ყიდულობს, მით უმეტეს, პენსიონერები. როგორ შეუძლიათ, რომ შეიძინონ? დადიან, რომ მცირედი მაინც შეძლონ და მცირედი მაინც ჰქონდეთ სახლში საახალწლოდ. ვისურვებდი, რომ ყველას ჰქონდეს საშუალება, ახალ წელს ბედნიერი და გახარებული შეხვდეს. თუმცა, მგონი, ახლა ამის საშუალება არ აქვთ“, – ამბობს ქეთინო დვალიშვილი.
„ტრადიციული სუფრა ვისაც ჰქონდა, 350 ლარზე ნაკლები არ დაჯდებოდა. გოჭის გარეშე, ფხალეული, ხორცი, საცივი თუ იქნება სუფრაზე… რა თქმა უნდა, ფასები გაზრდილია. ხორცზე, ყველზე, ხილზე, აბსოლუტურად ყველაფერზე გაიზარდა ფასები. გაზრდილია მაღაზიის ფასებიც. დამხმარე მასალა, მაგალითად, კარაქი, დაახლოებით 40%-ით გაიზარდა. თუ ფასდაკლებით არ იყიდი, 200 გრამი 10-11 ლარი ღირს“, – ამბობს ტატიანა ჩეროკოვი.
„ალბათ 300-400 ლარი. ანუ, ერთი თვის პენსია, ან ცოტა მეტი. ჩვენ პენსიონერები ვართ და ვფიქრობთ, რომ მინიმალური დავხარჯოთ. ჩვენთვის მთავარი მაინც შობაა და შობას შევხვდებით, ასე ვთქვათ, უფრო გაშლილად…“, – ამბობს ნინო გაბედავა.
მოვაჭრეები კი კლიენტების ნაკლებობას უჩივიან.
„შარშან უფრო მეტი დადიოდა წინასაახალწლო პერიოდში. ახლა ძალიან ცუდი პირობებია. ყოველ დღე ჩავდიოდი საქონელზე და ახლა უკვე ერთ კვირაზე მეტია არ ჩავსულვარ და არც ამომიტანია. ამბობენ ძვირიაო, მაგრამ… ეძვირებათ, რა ქნან. მათაც უჭირთ. მეც რომ არ მიჭირდეს, აქ კი არ დავდგებოდი მთელი დღე და ვიმუშავებდი. რომ მიჭირს, იმიტომ ვაკეთებ. გადასახადები მაქვს. დღიური ხარჯი სულ მცირე 45 ლარია. ეს 45 ლარი რომ ამოვიღო, იმის საშუალებაც არ არის. 45 ლარს ცოტა არ უნდა და 50 თეთრზე რომ იმუშაო, ვერაფერსაც ვერ გააკეთებ. რას იზამ, რომ არ დადგე და არ იმუშაო, სხვა გამოსავალი არ არის“, – ამბობს თამარ გვიჩია.
წყარო: ევრონიუს ჯორჯია