„საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ ბრალდებით დაყადაღებული საქველმოქმედო ფონდების გაჩერება მხოლოდ აქციების მონაწილეებს არ შეეხებათ. ამ ფონდების ნაწილი დემონსტრანტების გარდა, ჯანმრთელობის პრობლემებისა და ფინანსური სირთულეების მქონეებსაც ეხმარებოდა.
რას აკეთებდნენ დაყადაღებული ფონდები, გარდა პროტესტის მხარდაჭერისა? – სტატიაში წაიკითხავთ.
ამ ფონდებს შორის არიან:
· საქველმოქმედო ფონდი „ნანუკას ფონდი“;
· საქველმოქმედო ფონდი „ფროსფერითი“;
· საქველმოქმედო ფონდი „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“;
· არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“;
· არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილია“.
ფონდების დაყადაღების უფლება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გასცა. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა.
„ეს ყადაღა, ერთი მხრივ, უფლებადაცვითი საქმიანობის შეზღუდვაა, მეორე მხრივ, კი სოლიდარობის დანაშაულად გამოცხადება“, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ კოორდინატორი, ნათია თავბერიძე.
ორგანიზაცია საქართველოში 2010 წლიდან არსებობს და ერთიანებს ხუთ ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ,,უფლებები საქართველო”, „მედიის ინსტიტუტი“, „საფარი“ და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“. ყადაღა მათ არ შეხებიათ.
ადამიანის უფლებათა სახლის 2023 წლის ანგარიშში წერია, რომ ამ წელს სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო მათმა 124-მა ბენეფიციარმა. ისინი იცავდნენ გამოხატვის თავისუფლებას, სწავლობდნენ უფლებადამცველების მდგომარეობას და სთავაზობდნენ ფსიქოსოციალურ და იურიდიულ დახმარებებს. ანგარიშების დაყადაღებით, შეჩერდა მუშაობა ყველა მიმართულებით.
„ჩვენ გვყავს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ათობით ბენეფიციარი, რომლებსაც წლების განმავლობაში ვთავაზობდით ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას. პროკურატურის ამ გადაწყვეტილებით, დემონსტრანტთან ერთად ამ ადამიანებსაც ვეღარ დავეხმარებით“, – ამბობს ნათია თავბერიძე.
28 თებერვალს „ადამიანის უფლებათა სახლის“ ფეისბუკზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გაზაფხულის აქციებიდან დღემდე, ადმინისტრაციული ჯარიმა 322 ადამიანს დაუფარეს, ჯამში ეს 666 034 ლარი გამოვიდა.
ფონდს ფულს სწირავდნენ კერძო მოქალაქეებიც, თუმცა ყველაზე დიდი თანხა 5 მილიონი ლარი მათ ორი – საქართველოსა და თიბისი – ბანკისგან მიიღეს. დანიშნულებით დახმარებოდნენ აქციაზე დაზარალებულებს.
ამ 5 მილიონიდან ზუსტად ნახევარი ამ სამ ფონდში გადანაწილდა.
· #ერთმანეთისთვის;
· სოლიდარობის ფონდი Prosperity Georgia;
· თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.
სამივე ფონდის ანგარიშები ამავე ბანკებში ახლა დაყადაღებულია.
შესაძლებელია თუ არა გამოძიების სამიზნე თავად ბანკები გახდნენ და ხომ არ დაჰკავშირებია მათ ვინმე უკვე ამ უწყებიდან? – ამ კითხვაზე ბანკებში რადიო თავისუფლებას არ პასუხობენ.
„მსგავსი კითხვის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, – გვითხრეს თიბისი ბანკის პიარსამსახურში.
„ერთმანეთს არ უკავშირდება“, – გვითხრეს საქართველოს ბანკში.
დააყადაღეს „ნანუკას ფონდიც“, რომელიც აქციების მიმდინარეობისას დემონსტრანტებისთვის ყიდულობდა აირწინაღებს, პირბადეებს, საწვიმრებს და სხვა ნივთებს, ეხმარებოდა დაკავებულების ოჯახის წევრებს, იხდიდა დემონსტრანტებისთვის გამოწერილ ადმინისტრაციულ ჯარიმებს…
ტელეწამყვანი საქველმოქმედო მარათონებზე აგროვებდა ფულს მათთვისაც, ვისაც ჯანმრთელობის და ფინანსური პრობლემები ჰქონდა.
ფონდის გვერდზე 18 ოქტომბერს გამოქვეყნებულია ვიდეოთხოვნა და ბანკის ანგარიშები. მოქალაქეები ორი თვის მარიამს ეხმარებიან, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის. კომენტარებში ათობით სხვა ადამიანი ითხოვს დახმარებას, მკურნალობის თუ ოპერაციის თანხებს.
„ყველაზე მეტად ვდარდობ იმ დანაკლისებზე და დანაკარგზე, რომელიც ანგარიშზე გვქონდა. ჩვენი დაყადაღებით მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერები არ გაანაწყენეს იმიტომ, რომ გურიის სტიქიის დროს მათ მიერ მიტოვებულ მათივე მხარდამჭერებსაც ვეხმარებოდით. როცა დახმარებას გვთხოვენ ადამიანები სხვადასხვა მიზეზით, ჩვენ არ ვკითხულობდით ვის უჭერთ მხარს. მიზანი არის პანიკა, რომ უიმედობამ შეგვიპყროს, არაა ასე, არ აჰყვეთ პანიკას გამოსავალს ვიპოვით“, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ჟურნალისტი საგამოძიებო სტრუქტურების უნდობლობის გამო სამართლებრივ დავას არ გეგმავს და არც იმას გამორიცხავს, რომ დააკავებენ. მას თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დაუყადაღეს.
„ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, ხელი შეეწყოთ ამისათვის, გახლავთ სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება. როდესაც რაღაცას აშავებთ და გეუბნებიან, რომ დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას, ეს არის სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმების მცდელობა და არანაკლები მავნებლობაა, შეიძლება უფრო მეტიც, ვიდრე თავად იმ დანაშაულის ჩადენა“, – ამ არგუმენტებით გაამართლა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ ფონდების ანგარიშების დაყადაღება.
პარტიაში სრულად იზიარებენ საქართველოს პროკურატურის განცხადების შინაარსს და საქველმოქმედო ორგანიზაციებს „რადიკალებს“ და „დიფ სთეითისა“ თუ „გლობალური ომის პარტიის“ დამქაშებს ეძახიან.
იმ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომელსაც სასამართლომ ანგარიშები დაუყადაღა, პროკურატურა „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების“ წახალისებაში სდებს ბრალს.
პროკურატურა 2025 წლის 17 მარტს გავრცელებულ განცხადებაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს ძალადობრივად ახასიათებს. წერს, რომ დემონსტრანტები გასცდნენ კანონით დადგენილ წესებს, ისროლეს „მოლოტოვის კოქტეილები“, დააზიანეს კერძო და მუნიციპალური საკუთრება, ისროლეს პიროტექნიკა, დააშავეს 55 ადამიანი – „უმრავლესობა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები“.
