2026 წელს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაზე 113 მლნ ლარი დაიხარჯება.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა 2025 წლის გეგმასთან შედარებით 495 ათასი ლარით იზრდება. სოციალურად დაუცველების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების გარდა, პროგრამა ასევე მოიცავს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკისა და დასაქმების მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ამ გზით დასაქმების ხელშეწყობას.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 708 764-მდე გაიზარდა. აქედან 243 ათასზე მეტი პირი საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა. ივლისთან შედარებით, შემწეობის მიმღებთა რიცხვი 947-ით არის გაზრდილი. ამ ადამიანების დახმარებაზე აგვისტოში 71.5 მლნ ლარი დაიხარჯა.
მიზნობრივი სოციალური დახმარება, იგივე საარსებო შემწეობა, სიღარიბესთან საბრძოლველად გაიცემა. დახმარების მიზანია ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სიღარიბის შემცირება. 2021 წლიდან მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობამ გადაწყვიტა სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი ადამიანებისთვის სამუშაო ადგილები შეექმნა. შედეგად, საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელით ცნობილი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.
პროგრამის პირობების მიხედვით, თუკი არაფორმალურად დასაქმებული სოციალურად დაუცველი პირები ჩაერთვებიან დასაქმების პროგრამაში, მათ ოთხი წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნებენ საარსებო შემწეობას. კერძოდ, ფულადი დახმარების მიმღები ოჯახები/პირები, რომელთა ოჯახიდან მინიმუმ ერთი წევრი მაინც მონაწილეობს „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ და ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული ყველა წევრს (არასრულწლოვანი წევრის ჩათვლით) 4 წლის განმავლობაში უწყვეტად უნარჩუნდებათ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაცია და „საარსებო შემწეობის“ მიღების უფლება.
პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით, ჯამში სახელმწიფოს 39 707 სოციალურად დაუცველი ჰყავს დასაქმებული, თითქმის 33 ათასმა სოციალურად დაუცველმა კი საკუთარი სამსახური ლეგალური გახადა.
bm.ge
