რამდენი გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა ო’მალის დამარცხებით

მერაბ დვალიშვილმა დღეს, 15 სექტემბერს ამერიკელი მებრძოლი, შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდა.
ცნობისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება.
საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის საჭირო მასალებით: ოქრო, ვერცხლი და ტყავის სარტყელი. Sportskeeda-ს ინფორმაციით, ქამრის დამზადებისთვის დაახლოებით 2 ფუნტი ოქროა საჭირო.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფანებისთვის შესაძლებელია UFC საჩემპიონო ქამრების ასლის შეძენა, რომელთა ფასები განსხვავებულია. UFC Collectibles-ის მონაცემებით, ასლის ფასი 299 დოლარიდან იწყება და ხელმოწერილის შემთხვევაში 3 999 დოლარსაც კი აღწევს.
რამდენს გამოიმუშავებს მერაბ დვალიშვილი გამარჯვების შემდეგ? უცხოური მედია წერს, რომ დვალიშვილმა გამარჯვებით საბაზისო ხელფასი სავარაუდოდ 250 ათასი ამერიკული დოლარიდან 500 ათასი დოლარის ფარგლებში იმერყევებს.
უფრო კონკრეტულად, მაგალითად The sportster-ი წერს, რომ დვალიშვილი, სავარაუდოდ, აიღებს საბაზისო ხელფასს, რომლის რაოდნეობაც დაახლოებით 500 000 დოლარი იქნება. გამოცემა წერს, რომ დვალიშვილი, სავარაუდოდ, აიღებს დამატებით პრემიასაც.
ამასთანავე, marca.com-ის ინფორმაციით, დვალიშვილის ქონება ამ ეტაპზე 2 მილიონ დოლარად არის შეფასებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ დვალიშვილი ერთ მოგებულ ბრძოლაში საშუალოდ 250 ათას დოლარს იღებს.
Essentiallysports-ი კი წერს, რომ დვალიშვილი შონ ო’მალის დამარცხებითა და მოპოვებული გამარჯვების შედეგად, დაახლოებით 300 ათას აშშ დოლარს გამოიმუშავებს. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულს დაემატება ბონუსიც.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის თებერვალში დვალიშვილმა UFC-ში კიდევ ერთ გამარჯვებას მიაღწია. მან ბრძოლაში ჰენრი სეხუდო დაამარცხა. მაშინ ქართველმა სპორტსმენმა 211 ათასი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა.
გარდა ამისა, სეხუდოს დამარცხებამდე მერაბმა პეტრ იანი დაამარცხა და ამ შემთხვევაშიც მის მიერ მიღებული თანხა 211 ათასი დოლარი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ მერაბს კარიერაში მოგებული ორთაბრძოლიდან მაქსიმუმ 211 ათასი დოლარი აქვს მიღებული, შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ომალის დამარცხებით დვალიშვილი ყველაზე მეტს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, დვალიშვილისთვის UFC-ში ეს გამარჯვება ზედიზედ მე-11 იყო. ამასთანავე, დვალიშვილმა შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 22 ბრძოლიდან 18 შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვა. ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა.
მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა. 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.
წყარო: bpn.ge