რამდენიმე წელში, ყველა ქალაქში და სოფელში 24-საათიანი წყალმომარაგება იქნება – გუგა კაკაბაძე დეტალებზე

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა წელს 186 მილიონი დოლარის ჯამური ბიუჯეტით გეგმავს პროექტების განხორციელებას, საიდანაც დაახლოებით 86 მილიონი დოლარი დონორების სახსრებია, დანარჩენი კი ბიუჯეტიდან მიღებული თანხა.
კომპანიის დირექტორის მოადგილე გუგა კაკაბაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის წყალმომარაგების მიმართულებით სამუშაოები ჯამში 100-ზე მეტ ლოკაციაზე მიმდინარეობს. მისი თქმით, წლის ბოლოს დაგეგმილია, იმერეთის კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში სამუშაოების დაწყება, რომლის დასრულების შემდეგაც წყალმომარაგების პრობლემა იმერეთის რეგიონისთვის სრულად აღმოფხვრილი იქნება.
რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიის გეგმას და სტრატეგიას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგების სისტემის მოწყობას გულისხმობს. გუგა კაკაბაძე ამბობს, იგი ქალაქებში უფრო ადრე მოგვარდება, ვიდრე სოფლებში.
“შეგვიძლია გამოვყოთ ყვარლის პროექტი, სადაც წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება ხდება, ასევე ხაშურში იგივე ტიპის ღონისძიებებია დასახული. ასევე ვფიქრობთ, სამუშაოების შესრულებას წლის ბოლოს დავიწყებთ სამტრედიაში, ვანში, ბაღდათში და ამით იმერეთის რეგიონი სრულად მოცული იქნება. როგორც იცით, ქუთაისში 24 საათიანი წყალმომარაგება გვაქვს. ამის პარალელურად კომპანია ძირითად ნაწილში წყალარინების სისტემების გაუმჯობესებაზე მუშაობს, რაც გულისხმობს, უშუალოდ ქსელების გაუმჯობესებას და წყალგამწმენდი ნაგებობების მშენებლობას.
“გვაქვს საკურორტო ზონები, ბაკურიანს გამოვყოფ, სადაც მიმდინარე პროექტია და სადაც სრულად იქნება თანამედროვე წყალმომარაგების და წყალარინების სისტემებით აღჭურვილი უახლოესი 2 წლის განმავლობაში. რაც შეეხება ზოგად ჭრილში, რომ შევხედოთ 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქში იქნება 24-საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 2030 წლის ბოლოსთვის უკვე სოფლები და მსგავსი ტიპის დასახლებები იქნება უზრუნველყოფილი 24-საათიანი ცენტრალიზირებული წყალმომარაგებით,”- ამბობს გუგა კაკაბაძე.