რამდენიმე წელი ეროვნული გამოცდები უნდა გავაგრძელოთ იმ სტილით, როგორიც არის და არაფერი ამას არ ემუქრება – მინისტრი

ე.წ. კატის გაუქმებით სკოლებში არანაირი განმსაზღვრელი შეფასება არ გვაქვს, რამაც სამწუხაროდ, ბევრი ნეგატიური ეფექტი მოუტანა სკოლას. ის ფორმალური გახდა – პერიოდულად, თუნდაც სადიაგნოსტიკოდ და არა სავალდებულოდ გაიზომოს ბავშვის შეფასება საგნობრივი ჯგუფების მიხედვით – დავიწყეთ საერთაშორისოდ აპრობირებულ პრაქტიკაზე მუშაობა, ეს იქნება გამოცდა დაწყებითის, საბაზოს და მე-12 კლასის ბოლოს საგნობრივი ჯგუფების მიხედვით, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, იგეგმება ამ ინიციატივის პილოტის გაშვება და წარმატების შემთხვევაში, სამინისტრო იფიქრებს ეროვნული გამოცდების სახეცვლილებაზე, ხოლო მანამდე მისი შეცვლა არ იგეგმება.
„ჩვენ ეროვნულ შეფასებაზე დავიწყეთ მუშაობა სკოლებში. იცით, რომ რამდენიმე წლის წინ ე.წ. კატის გამოცდები გაუქმდა, რომელსაც ვეთანხმებოდი და ახლაც ვეთანხმები, თუმცა სამწუხაროდ, შემდგომ მივიღეთ ის რეალობა, რომ სკოლებში არანაირი განმსაზღვრელი შეფასება არ გვაქვს, რამაც სამწუხაროდ, არ მინდა ჩამოვთვალო, ბევრი ნეგატიური ეფექტი მოუტანა სკოლას. პრაქტიკულად, სკოლა გახდა ფორმალური. განსაკუთრებით ზედა კლასებში ვხედავთ მოსწავლეების გადადინებას ე,წ რეპეტიტორებთან. რა თქმა უნდა, რეპეტიტორების ინსტიტუციასთან არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, ეს აპრობირებული პრაქტიკაც არის. იცლება სკოლები და [მოსწავლეები] გადადიან [რეპეტიტორებთან] მაშინ, როდესაც ცოდნის მიღებაც და შეფასებაც უნდა ხდებოდეს თავად სასკოლო სივრცეში. ამას რომ თავი დავანებოთ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორც მოსწავლისთვის და მშობლისთვის, ისე მასწავლებლისთვის პერიოდულად, თუნდაც სადიაგნოსტიკოდ და არა სავალდებულოდ გაიზომოს ბავშვის შეფასება საგნობრივი ჯგუფების მიხედვით, რომ შემდგომი სასწავლო პროცესი სწორად დაიგეგმოს. ამიტომ, სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ საერთაშორისოდ აპრობირებულ პრაქტიკაზე მუშაობა. ეს იქნება გამოცდა დაწყებითის, საბაზოს და მე-12 კლასის ბოლოს საგნობრივი ჯგუფების მიხევდით განახლებული ტესტების და განახლებული სასკოლო სტანდარტების მიხედვით. შესაძლოა, ეს პრაქტიკულად, იდენტურია ეროვნული გამოცდის. ამის პილოტის დაწყება გვინდა 2025-ში, 2026-ში, და თუ შევხედავთ, რომ ეს პილოტი წარმატებულად მიმდინარეობს, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ეროვნული გამოცდების სახეცვლილებაზე. ჩვენი ამოცანა არაა, რომ ბავშვები ვამყოფოთ სულ ტესტებში და გამოცდებში. ცალკე სკოლებში ვაბარებინოთ [გამოცდები] და მერე ეროვნულები. ამას ჩვენ ჰოლისტურად ვუყურებთ და ეს იქნება ასევე, ტრანზიცია საგნობრივი საგნების ტესტებზე მიღებული შედეგების მიხედვით, მათი გადანაწილება უნივერსიტეტებში მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმებიდან გამომდინარე. ეს არის დიდი რეფორმა და ამ პროცესზე ვმუშაობთ. ამის არ გაკეთება ჩვენ არაფერს არ მოგვიტანს. ამიტომ, რამდენიმე წელი ეროვნული გამოცდები უნდა გავაგრძელოთ იმ სტილით, როგორიც არის და არაფერი ამას არ ემუქრება, საზოგადოება რომ ინფორმირებული იყოს. პარალელურად ვმუშაობთ სასკოლო შეფასებაზე, რომლის პილოტსაც დავიწყებთ. ეს სავალდებულო არ იქნება და არავის სანერვიულო არ ექნება. როდესაც დავრწმუნდებით, როგორც სკოლა, მოსწავლე და ასევე, მასწავლებელი, რომ მზად არიან ამ პროცესისთვის, თქვენთან ერთად ვიფიქროთ როგორ შეიძლება ერთი მეორით ჩანაცვლდეს“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.