რამდენიმე უნივერსიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ევროპულ არჩევანს

რუსული კანონის საწინააღმდეგო და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერ კამპანიას რამდენიმე უნივერსიტეტიც შეუერთდა.
სტუდენტებისა და აკადემიური სფეროს ცალკეული წარმომადგენლების გარდა საჯარო პოზიცია დააფიქსირა რამდენიმე უნივერსიტეტმაც. მათმა ნაწილმა პირდაპირაც ახსენა კანონი, რომელიც თავად ევროსტრუქტურებისა და ევროპარლამენტარების შეფასებით საქართველოს ევროინტეგრაციას აფერხებს.
“უნივერსიტეტი ყოველთვის იქაა, სადაც ხართ თქვენ. ეს კავშირი მუდმივია, რადგან თქვენ ქმნით კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიას”, – ასე მიმართა კავკასიის უნივერსიტეტმა საკუთარ სტუდენტებს.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ “კავკასიის უნივერსიტეტი მტკიცედ დგას საქართველოს ევროინტეგრაციისადმი ერთგულებაში და ეწინააღმდეგება ნებისმიერ პრორუსულ განწყობას, ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს”.
რუსულ კანონის მიღება ევროინტეგრაციის შემაფერხებელ ფაქტორად შეაფასა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (GIPA).
“ევროპაში ინტეგრაცია საქართველოს ისტორიული მისიაა! “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი აფერხებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ პერსპექტივას. ჩვენი ვალდებულებაა პატივი ვცეთ საქართველოს კონსტიტუციას და დავიცვათ ეროვნული ინტერესები! ხალხის ნება ნათელია – ჩვენი მომავალი ევროპაშია!”, – აცხადებს GIPA.
სოციალურ ქსელში ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტი გააზიარა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმაც.
“სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხის ნება უზენაესია. საქართველო ევროპაა!”, – ვკითხულობთ უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი შინაარსის პოსტი გააზიარა შავი ზღვის უნივერსიტეტმაც.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროპის კვირეულის ფარგლებში, 11 მაისს, 16:00 საათზე, ევროპული განმანათლებლობის ისტორიულ გამოცდილებასა და მის თანამედროვე პროექციებზე საჯარო ლექცია გაიმართება. მოხსენებას უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე წაიკითხავს.
გარდა ამისა, დობორჯგინიძე წარადგენს მრავალწლიან კვლევით პროექტს – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა.
“ამ ერთმა ძლიერმა სამოქალაქო საზოგადოებამ ევროპული განმანათლებლობით მართლა ამოაშრო ს წუმპე თბილისისა და ქუთაისის გუბერნიაში და მოსუფთავებულ ადგილებს ზედ დააშენა ახალი საქართველო”, –
“🇪🇺🇬🇪 #ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია” – ვკითხულობთ ილიაუნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შესახებ.
“ქართული ოცნების” მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს პარლამენტში განხილვის დაწყების დღიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, -ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს. მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.
ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა. საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.

ასევე დაგაინტერესებთ