„რამდენიმე ევროპული ბრენდის შემოყვანის პროექტი დაპაუზდა“ – Gtex

კომპანია Gtex-ი ქართულ ბაზარზე, რამდენიმე ახალი ევროპული ბრენდის შემოყვანას გეგმავდა, თუმცა როგორც Gtex-ის დამფუძნებელი გიორგი ბასილაძე “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, ამ ეტაპზე ყველა პროექტი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, გაურკვეველი ვადით დაპაუზდა.
მისივე შეფასებით, 2025 წელს სავაჭრო ობიექტებში მომხმარებლების აქტივობა კიდევ უფრო შემცირდება.
“მოლოდინი გვაქვს, რომ ლარი უფრო მეტად გაუფასურდება, რაც გაყიდვების კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს. შესაბამისად, 2025 წლისთვის საკმაოდ პესიმისტური პროგნოზები გვაქვს . შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულ რეჟიმზე ვართ გადასული. მოლაპარაკებები გვქონდა რამდენიმე ბრენდთან, ინვესტიციის განხორციელებას ვაპირებდით, მათ შორის, იყო ბრიტანული, 2 – იტალიური და 1 – ფრანგული. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, შეიკავა პროექტების განხორციელებისგან ყველამ თავი. პრაქტიკულად დასრულებული იყო მოლაპარაკებების ეტაპი და უკვე პროექტების განხორციელება უნდა დაგვეწყო. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით ყველა შეშფოთებულია “, – აცხადებს გიორგი ბასილაძე.
კომპანია დამფუძნებლის განცხადებით, 2024 წლის დეკემბერში სავაჭრო ობიექტების გაყიდვები 25%-მდე შემცირდა.
ცნობისთვის, კომპანია Gtex-ი საქართველოს ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. პირველი ბრენდი, რომელიც კომპანიამ საქართველოში შემოიყვანა Collezione იყო. ამჟამად, Gtex-ი წარმოდგენილია ბრენდებით: OVS, Terranova, Penti, English Home, Enza Home, Mattalan-ი. კომპანიას საქართველოს მასშტაბით 30-ზე მეტი ობიექტი აქვს.