საქართველოში ერთი ოჯახის საშუალო ყოველთვიური ხარჯი მეზობელ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ჩვენზე იაფი ცხოვრება მხოლოდ აზერბაიჯანშია – ამაზე მიუთითებს Numbeo-ს განახლებული მონაცემები.
უფრო კონკრეტულად, ონლაინ-ბაზა Numbeo-ს მონაცემებით, საქართველოში ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი, ქირის გარეშე, 2098 დოლარს, ხოლო ერთ ადამიანზე 570.5 დოლარს შეადგენს,
საქართველოში ცხოვრების ღირებულება, საშუალოდ, 51.8%-ით დაბალია, ვიდრე აშშ-ში. ასევე, აშშ-სთან შედარებით საქართველოში ქირა, საშუალოდ, 69.0%-ით დაბალია.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, სომხეთში ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი, ქირის გარეშე, 2572 დოლარს, ხოლო ერთ ადამიანზე 708 დოლარს შეადგენს. სომხეთში ცხოვრების ღირებულება, საშუალოდ, 23.8%-ით მეტია, ვიდრე საქართველოში. ასევე, საქართველოსთან შედარებით ქირის გადასახადი, საშუალოდ, 20.1%-ით მეტია.
აზერბაიჯანში ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი, ქირის გარეშე, 1938 დოლარს, ხოლო ერთ ადამიანზე 525 დოლარს შეადგენს. აზერბაიჯანში ცხოვრების ღირებულება, საშუალოდ, 7.2%-ით დაბალია, ვიდრე საქართველოში. ქირა აზერბაიჯანში, საქართველოსთან შედარებით, საშუალოდ, 24.1%-ით დაბალია.
რუსეთში ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი, ქირის გარეშე, 2194 დოლარს, ხოლო ერთ ადამიანზე 608 დოლარს შეადგენს. საქართველოსთან შედარებით, რუსეთში ცხოვრების ღირებულება, საშუალოდ, 8.8%-ით მეტია, ხოლო ქირა, საქართველოსთან შედარებით, საშუალოდ, 4.8%-ით ნაკლებია.
თურქეთში ოთხსულიანი ოჯახის სავარაუდო ყოველთვიური ხარჯი, ქირის გარეშე, 2367 დოლარს, ხოლო ერთ ადამიანზე 637 დოლარს შეადგენს. ქვეყანაში ცხოვრების ღირებულება, საშუალოდ, 17.7%-ით მეტია, ვიდრე საქართველოში. თურქეთში ქირა, საქართველოსთან შედარებით, საშუალოდ, 6.7%-ით მეტია.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი




