ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია და ამ მდგომარეობით, იტალიის ჩემპიონატში ორი ტურის გამოტოვება უნდა მოუწიოს. “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელს სერიოზული მისია აქვს – “კვარას” ჩანაცვლება – რაც თავისთავად უკვე შეუსრულებელ ამოცანას ჰგავს. უახლოესი შეხვედრები “უდინეზესა” და “ჯენოასთანაა”.
ასე ეუხეშებიან ხვიჩას…
კვარაცხელიას მიმართ განსაკუთრებულ უხეშობას ვხედავთ, რაც ამ დონის ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელთან მიმართებაში თითქოს ბუნებრივიც კია. ამის მიუხედავად, ხვიჩა მაქსიმალურად ახერხებს, დაზიანებები აირიდოს, ის ტრავმებისადმი მიდრეკილი ნამდვილად არაა. სამწუხაროდ, ახლა ასე არ გამოვიდა. კარგი ისაა, საქმე მძიმე სიტუაციასთან არ გვაქვს.
ვისით ჩაანაცვლებს ქართველს
ანტონიო კონტე? შესაძლოა, მწვრთნელს ტაქტიკური ცვლილებები დასჭირდეს და გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით მიიღებს. თუკი გუნდი სეზონის სტარტის 3-მცველიან სტრატეგიას დაუბრუნდება და გარემარბების გარეშე ითამაშებს, მაშინ შესაძლებელია, ჯაკომო რასპადორი ვიხილოთ. მას ანტონიო საერთოდ არ ენდობა და ტრანსფერის ალბათობაც მაღალია. ჯაკომო მწვრთნელს უფრო ლუკაკუს შემცვლელად წარმოუდგენია და ამ საქმეში უპირატესობას სიმეონეს ანიჭებს. 24 წლის ფეხბურთელის სათამაშო დრო იტალიის ნაკრებშიც შემცირდა, მას ფაქტობრივად აღარც კი ახსოვს, მინდორზე 90 წუთი ბოლოს როდის გაატარა, ცოტა ხნის წინ თასზე კი საკმაოდ დიდი დრო მიეცა. ამ ფონზე მისი ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა
რამდენად შესაძლებელია, რთული სათქმელია.
“ნაპოლი” “კვარას” შემცვლელის ფიქრშია…
სოციალური ქსელებიდან ასე ჩანს, ხვიჩას სირილ ნგონგესთან ახლო ურთიერთობა აქვს. 24 წლის ბელგიელი გასულ სეზონში რამდენჯერმე მოგვეწონა. ის ეროვნული გუნდის წევრიც გახდა, თუმცა კონტე მას გუნდში ადგილს ვერ უძებნის. ნგონგემ აგვისტოში თასზე სწორედ კვარაცხელიას პოზიციაზე ითამაშა და “პალერმოს” დუბლი შეუსრულა. ზაფხულის მოსამზადებელ ეტაპზე ის მშვენიერი იყო და მეტის მოლოდონი არსებობდა. თავიდან ისე ჩანდა, 77-ე ნომრის ალტერნატივად მწვრთნელი სწორედ სირილს მიიჩნევდა, რაც ასე არ მოხდა.
კიდევ უფრო მძიმედაა საქმე ალესიო ძერბინის შემთხვევაში. მას დიდი დრო არასდროს მისცემია და გასული სეზონის მეორე ნახევარში “მონცაშიც” გაანათხოვრეს. ალესიოს რამდენიმე დასამახსოვრებებელი შეხვედრა გვახსოვს, რომლოს შემდეგ ქართველებიც და იტალიელებიც კვარაცხელიას რეალური კონკურენტის გამოჩენასა და მისთვის სასტარტოში მოხვედრის გართულებაზე რომ ალაპარაკდებიან, საბოლოოდ კი ეს მოსაზრება სასაცილო უფრო ხდება.
ახლა “კვარას” ჩანაცვლების ყველაზე დიდი შანსი მაინც დავიდ ნერეშს აქვს. 27 წლის შემტევს “ნაპოლის” თავკაცი მხოლოდ მარჯვნივ განიხილავდა და პოლიტანოს ნაცვლად მოედანზე შესული ბრაზილიელიც შედეგიანი იყო. ამის შემდეგ კონტემ რატომღაც გადაწყვიტა, ნერეში კვარაცხელიას კონკურენტად ჩამოყალიბებულიყო. ისე გამოჩნდა, დავიდი ამ მისიამ უფრო დაძაბა და ნაკლებად აქტიური გახდა. პორტუგალიაში ის შედეგიანი პასებით გამოირჩეოდა და ეს მაჩვენებელი აქ უკვე სამი აქვს. თუკი ნეაპოლელები კვლავ 4-მცველიანი ტაქტიკით იასპარეზებენ, ბრაზილიელი მარცხენა გარემარბი იქნება და ვნახოთ, თავს როგორ წარმოაჩენს.
კადრი ბოლო მატჩიდან
ხვიჩა კვარაცხელიას შეცვლა “ნაპოლის” კი არა, ნებისმიერ გრანდს გაუჭირდება. აქ საქმე მხოლოდ იმაში არაა, რომ ჩვენებურს მინდორზე ლამაზი ეპიზოდების შექმნა შეუძლია. ქართველის როლი უდიდესია, მოწინააღმდეგეები დაცვით სტრატეგიებს სწორედ მასზე აწყობენ, რაც გუნდს მეტ თავისუფლებას აძლევს; “კვარადონას” მხრიდან გამწვავებას მეტოქეები სახიფათო ზონაში თამაშის წესის დარღვევით ხშირად პასუხობენ, რა დროსაც გუნდი ბურთისა და რიტმის გაკონტროლებას ახერხებს; 77-ე ნომერი დაცვაშიც მუშაობს და შეტევებს ეფექტურად იწყებს. ჩვენ ზოგიერთ მკითხველს კი მიაჩნია, ხვიჩა ისეთი არაა, როგორიც იტალიურ სტარტზე და ქება რა საჭირაოა, მაგრამ უნდა გავარჩიოთ ის დამოკიდებულებები, რაც “უცნობ” კვარაცხელიასა და დღევანდელის მიმართაა, როცა 2-3 ფეხბურთელი მას გაუთავებლად “დასდევს”; უნდა განვასხავოთ გუნდი მაშინ და ახლა (განსაკუთრებით, წინა სეზონში), მწვრთნელების ტაქტიკა და ხედვა, სათამაშო სტილი… რა თქმა უნდა, “კვარამ” სრულფასოვნებასა და ახალ ელემენტებზე მუდმივად უნდა იმუშაოს, სხვანაირად ვარსკვლავად ვერ დარჩები.
აქვე ვთქვათ, რომ ქართულ “ფეისბუქპოსტებსა” და კომენტარებში ხვიჩას ტრავმას რა გამოხმაურებაც მოჰყვა(ჩვენ საიტს არ ვგულისხმობთ), საკმაოდ დიდი ნაწილი უბრალოდ ჯანსაღი არაა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე “ღლიცინი”. იუმორიც გვესმის, ბოროტ ადამიანებსაც “ვშიფრავთ” და სხვისი გავლენის ქვეშ მოქცეულსაც, მაგრამ სამწუხაროა, ყველაფერ ამას სხვა ახსნა აქვს, რაზეც ახლა საუბარი საჭირო არაა. ალბერტ კამიუმ “სარჩული და პირი” 22 წლის ასაკში დაწერა. ავტორი (რენე შარის მიხედვით) არც მზეს უარყოფს და არც ჩრდილს. იცის, მზე ზოგჯერ ბნელია!..