ვარსკვლავთშორისი ობიექტი 3I/ATLAS შეუიარაღებელი თვალით არ იქნება ხილული დედამიწასთან ყველაზე ახლოს მიახლოების დროსაც კი, – ამის შესახებ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის მზის ასტრონომიის ლაბორატორიის მეცნიერებმა განაცხადეს.
სპეციალისტების მონაცემებით, 3I/ATLAS-ის ამჟამინდელი ვარსკვლავური სიდიდე დაახლოებით 11–12-ია. კომეტის ბირთვის დასაკვირვებლად საჭირო იქნება ტელესკოპი მინიმუმ 120 მმ დიაფრაგმით, ასევე ასტრონომიული აღჭურვილობის გამოყენების გამოცდილება. ამ შემთხვევაშიც კი, ობიექტი გამოჩნდება სინათლის მკრთალი, ბუნდოვანი ლაქის სახით.
კომეტის დედამიწასთან ყველაზე ახლოს მიახლოების თარიღი, 19 დეკემბერი, სავარაუდოა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ობიექტმა უკვე თითქმის მიაღწია მინიმალურ დაშორებას რომელიც დაახლოებით 271 მილიონი კილომეტრია. ორი-სამი დღის განმავლობაში მანძილი თითქმის უცვლელი დარჩება, რის შემდეგაც 3I/ATLAS იუპიტერის მიმართულებით დაიწყებს გადაადგილებას.
ვარსკვლავთშორისი ობიექტი 1 ივლისს აღმოაჩინეს. მოგვიანებით ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ეს სხვა ვარსკვლავური სისტემიდან მოსული იყო. მისი კომის დიამეტრი დაახლოებით 24 კილომეტრია.
კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ ობიექტი 7,5 მილიარდ წელზე მეტი ასაკისაა, რაც მას მზეზე დაახლოებით სამი მილიარდი წლით უფროსს ხდის.
აგვისტოში ჰარვარდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ავი ლოებმა განაცხადა, რომ 3I/ATLAS-ი საკუთარ ნათებას ავლენდა, რომელიც მანქანის ფარებს მოგვაგონებდა. გამოსხივების წყაროს დადგენა შეუძლებელი იყო. მეცნიერმა ჰიპოთეზა წამოაყენა, რომ ობიექტი ხელოვნურად იყო წარმოქმნილი.
ერთი თვის შემდეგ, ლოებმა ასევე განაცხადა, რომ კომეტაზე ფერის ცვლილებები აღმოაჩინა, რაც მან ანომალიურად შეაფასა. ქსელში, 3I/ATLAS–ს „უცხოპლანეტელთა ხომალდი“ უწოდეს.




