რამდენად არის დაბალ მხარჯველუნარიანი ტურისტით [მაღალ მხარჯველუნარიანის] ჩანაცვლება კარგი, სადაო საკითხია – სასტუმრო „ფალიანი“

“რამდენად არის დაბალ მხარჯველუნარიანი ტურისტით [მაღალ მხარჯველუნარიანის] ჩანაცვლება კარგი, სადაო საკითხია”, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ მესტიაში მდებარე სასტუმროს „ფალიანი“ დამფუძნებელმა, ეკატერინე გველესიანმა ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ჩინეთსა და ინდოეთში საშუალო ფენა, ანუ იმ ადამიანთა რიცხვი რომლებიც მოგზაურობას იწყებენ, ძალიან იზრდება. სწორედ ასეთმა ტურისტებმა ჩაანაცვლეს [ევროპელი] ტურისტი, რომელიც მეტს ხარჯავს, უფრო პასუხისმგებლობიანია და გარემოს უფრთხილდება.
„განვითარებად ქვეყნებში ძალიან იზრდება საშუალო ფენა. ეს ეხება ჩინეთს და ინდოეთს, რომლებიც უკვე აქტიურად იწყებენ მოგზაურობას. რატომღაც ამ სეგმენტისკენ გვაქვს კურსი აღებული. მათ მაღალ მხარჯველუნარიანი, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე [ევროპელი] ტურისტული ნაკადები ჩაანაცვლეს. რამდენად არის დაბალ მხარჯველუნარიანი ტურისტით [მაღალ მხარჯველუნარიანის] ჩანაცვლება კარგი, საოდაო საკითხია. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რაოდენობაა მნიშვნელოვანი და მთავარია ბევრი ტურისტი ქვეყანაში, რაც არასწორია.
ტურისტულ ლოკაციებზე ცალსახად გვაქვს დაზიანებები, რადგან ჭარბი ტურიზმი არის მსოფლიო გამოწვევა. მათ შორის, განვითარებადი ქვეყნები, რომლებსაც ირონიულად ვიხსენიებთ ხოლმე, ისინიც კი აქტიურად მუშაობენ იმაზე, რომ ჭარბი ტურიზმის საფრთხეს გაუმკლავდნენ”, – თქვა მან და დასძინა, რომ ასეთ დროს საქართველოს მთავრობა და საკითხზე პასუხისმგებელი უწყებები არაფერს აკეთებენ, რაც საგანგაშოა.
მისი შეფასებით, ტურიზმში დასაქმებული ადამიანები ნათლად ხედავენ ჭარბი ტურიზმის საფრთხეს, რომლის გამოსწორებაშიც დარწმუნებული არ არიან. გველესიანი აღნიშნავს, რომ სიტუაციის გამოსწორების მიზნით, საერთაშორისო მაგალითების აღებაც შესაძლებელია, თუმცა ამისათვის პოლიტიკური ნების საჭიროებაა, რაც არ არსებობს.
„იმ ბიზნესებს, რომელსაც ადგილობრივი მთავრობა და შემდეგ უკვე ცენტრალური მთავრობა უსმენს, რეკომენდაციის შესაბამისად, შეიმუშავებენ სხვადასხვა რეკომენდაციებს. ამ კუთხით ჩვენ არავინ გვისმენს. მეტიც, ის მხარე, რომელიც პასუხისმგებელი უნდა იყოს ტურისტული ლოკაციის მდგრად განვითარებაზე, პირიქით, აქეთ არის ჩართული დაზიანებაზე”, – ამბობს ეკატერინე გველესიანი.