“როგორც ქალს, ჩემი სიძლიერე ჩემი თავისთვის რაღაცებში დამიმტკიცებია, მიფიქრია, ყოჩაღ, ეს რომ გავიარე, მაგრამ რამდენადაც უნდა გაუკვირდეს ახლა მაყურებელს, ამას რომ ვიტყვი, არის ერთი ადგილი, სადაც მინდა, რომ ვიყო სუსტი და ეს არის ჩემი პარტნიორული ურთიერთობები, პირადი ცხოვრება. ვიქნები ძლიერი დედა, ძლიერი მოქალაქე, ძლიერი აქტივისტი, ძლიერი წამყვანი, რაც საჭიროა, გავაკეთებ, მაგრამ პირად ურთიერთობებში მინდა, რომ ვიყო სუსტი” – ამბობს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც საკუთარ პირად ცხოვრებაზე, სირთულეებზე და ამ სირთულეების დაძლევაზე საჯაროდ ხშირად საუბრობს.
ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ამპლუაში საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო. 1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში. 2009 წლიდან 2019 წლამდე ჰქონდა საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, რომელიც 2009-2012 წლებში “იმედზე”, ხოლო 2013-2019 წლებში “რუსთავი 2”-ზე გადიოდა. 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“, სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“.
პირველად ნანუკამ ადრეულ ასაკში, 16 წლისამ იქორწინა. მისი მეუღლე მასზე რამდენიმე წლით უფროსი ნიკოლოზ გეგუჩაძე იყო. მას საკმაოდ პერსპექტიული მომავალი ჰქონდა, მუშაობდა ბანკში და დიდ დროს სწორედ კარიერას უთმობდა. ნანუკა კი მაშინ დიასახლისის ამპლუაში აღმოჩნდა. როგორც მედია წერდა, წყვილს შორის მესამე პირის გამოჩენამ და აზრთა სხვადასხვაობამ ოჯახის დანგრევა გამოიწვია. 18 წლის ორსული ნანუკა ჟორჟოლიანი მარტო დარჩა. მას ქალიშვილი, მარიამ გეგუჩაძე შეეძინა.
ყოფილ მეუღლესთან მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნა თავად ნანუკამაც და მის მიმართ მადლიერებაც არაერთხელ გამოხატა:
“კოკა – მარიამის მამა, რომ არ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში, არ ვიქნებოდი საერთოდ არაფერი. კოკასთან თანაცხოვრებამ დამაწყებინა ტელევიზიაში მუშაობა და შექმნა ის ნანუკა… ჩემი შვილებით ვამაყობ, მარიამით და საბათი” – ამბობდა ის.
მეორედ ნანუკა ჟორჟოლიანმა ბიზნესმენ ერეკლე კოდუაზე იქორწინა. მათ ერთი ვაჟი შეეძინათ, თუმცა წყვილის ურთიერთობა სკანდალურად დამთავრდა. ერეკლე კოდუა საზღვარგარეთ წავიდა და ახალ რჩეულთან ერთად, უკრაინელ კატალინა დიდასთან ერთად ცხოვრობს. ნანუკას ოჯახი აღარ შეუქმნია, თუმცა დაშორება რთულად გადაიტანა. დეპრესიისა და კრიტიკული მომენტების შესახებ მას საჯაროდაც არაერთხელ ისაუბრა, თუმცა თავს ახლა კარგად გრძნობს და მისი გარეგნობა, ცხოვრების სტილი და ყოველდღიურობა ბევრი ქალისთვის მოტივაციაა.
ბოლო დროს ხშირად აღნიშნავენ, რომ ნანუკა შესანიშნავ ფორმაშია. სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს პიროვნული განვითარების, თავის მოვლისა და წონის კლების შესახებ. ტელეწამყვანი ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებას გამომწერებს ხშირად უზიარებს და საუბრობს, თუ როგორ მოახერხა წლების განმავლობაში ზედმეტი წონის კლება, მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სასურველ ფორმაში ჩადგომა. როგორც ნანუკა ამბობს, მეორე შვილის გაჩენისას ის 108 კილოგრამს იწონიდა, მშობიარობის შემდეგ კი ზედმეტი წონა მისი პრობლემა გახდა და ამ პრობლემას სხვადასხვა გზით ებრძოდა.
მის შემთხვევაში მონო-დიეტები ეფექტური არ აღმოჩნდა. მისი განმარტებით, თუკი სწორ კვებას ცხოვრების წესად არ ვაქცევთ, დიეტის დროს დაკლებული კილოგრამები შემდეგ ისევ მარტივად დაბრუნდება.
ნანუკა წონის კლებასთან ერთად აქტიურად მიმართავს თავის მოვლის პროცედურებსაც. სასარგებლო რჩევებს, საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ის გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
“მაშ ასე, ძალიან დიდი პაუზის შემდეგ ავიწონე და გაირკვა, რომ 29 კილო მაქვს დაკლებული… ათვლას ვიწყებ, როცა ვარჯიში და სწორი კვება დავიწყე… ეს წონა ბოლოს ვიყავი საბას გაჩენამდე… აღარ ავიწონები 1 წელი… რა მნიშვნელობა აქვს კილოგრამებს, მთავარია, ჩვენ მოგვწონდეს საკუთარი თავები… სულაც არაა საჭირო გახდომა, საჭიროა საკუთარი თავის სიყვარული და თუ ამის ერთ-ერთი ხელსაწყო წონის კლებაცაა, მაშინ ოკ”, – დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა ბოლოს სოციალურ ქსელში.