რამაზ საყვარელიძე – ვერცერთი ქვეყნის ხელისუფლებას მხოლოდ საპროტესტო აქციით ვერ აიძულებენ წასვლას, თუ ხელისუფლებას ნერვებმა არ უმტყუნა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

– ბატონო რამაზ, 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითთმართველობის ჩატარდება. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, ბევრი არჩევნები გვახსოვს, მაგრამ, მოახლოებულ არჩევნებს, პრაქტიკულად არც ერთი არ ჰგავს.

ვითარება, რომ ბევრი თვალსაზრსით ერთდროულად საკმაოდ პოლარიზებულიცაა და დამძიმებული, ამაზე საუბარს აღარ გავაგრძლებ, დარწმუნებული ვართ, თავადაც ადევნებთ თვალს, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას.

როგორ შეაფასებდით საქართველოს საშინაო პოლიტიკაში არსებული ვითარებას?

რჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს და იმ ინსტიტუტებს, რომლებმაც თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უნდა უზრუნველყონ?

 აწყმო, არასოდეს არაა წარსულის ზუსტი განმეორება, თუმცა საერთოც აქვს ხოლმე. ბოლო 13 წლიანი პერიოდის არჩევნებშიც რაღაც ფრაგმენტები მეორდება. ოპოზიციის ნაწილის ისევ აქვს უნდობლობა არჩევნების მიმართ, რითაც ასაბუთებენ რევოლუციის საჭიროებას.

ის აზრიც მეორდება, რომ რუსეთში ნაშოვნი ფულის მქონე ივანიშვილი რუსული ძალაა და ოპოზიციამ უნდა გაანთავისუფლოს საქართველო სგან. მეტ-ნაკლებად მეორდება ოპოზიციური რეპლიკები დასავლეთიდან. კიდევ ბევრი საერთო ფრაგმენტის გახსენება შეიძლება, მათზე ხშირად გვქონია საუბარი ამ წლების განმავლობაში და დაბრუნება ზედმეტია. ოღონდ განმეორებები მიუთითებს, რომ, არსებითად, ერთი სცენარი მოქმედებს მოქმედებს ამ ხნის განმავლობაში, მოულოდნელობა ნაკლებია, თუმცა უდაოდ არის.

მოახლოვებული არჩევნების მოულოდნელობად ჩაითვლება, რომ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქებს სერიოზულად სთავაზობდნენ ტელეფონით არჩევნებს, მერე საპროტეტსტო აქციაზე 2 მილიონ მოსაწვევს სთავაზობდნენ (მაგრამ არ ჩანს). ახლა ლაპარაკია, რომ აქციაზე მოსული ხალხი თუ გამოხატავს თანხმობას ხელის აწევით, მოხდება ხელისუფლების გადაბარებაო.

გაუგებარია, მოსახლეობის რა პროცენტი უნდა მივიდეს აქციაზე და მერე რამდენმა უნდა აწიოს ხელი, რომ ეს ჩაითვალოს მთელი მოსახლეობის პოზიციად და შეიცვალოს ხელისუფლება. ანდა, რომც ხელისუფლება დათანხდეს წასვლაზე, ხელის აწევის გარდა არაფერია საჭირო საკანანმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების შესაცვლელად? ეს ხომ ღია დაცინვაა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის?!

პოლიტიკის ასეთი დაცინვა ადრე არ მახსენდება. ეს დაცინვა ერთ პიროვნებას კი ეკუთვნის, მაგრამ აჩენს არასერიოზულ დამოკიდებულებას მთელი ოპოზიციის მიმართ, რომელიც ჩუმადაა (სიჩუმე თანხმობას ნიშნავს-ო ნათქვამია). სადა გვყავს დასაკარგი ოპოზიცია?!

არის კიდევ ერთი არატიპიური ფრაგმენტი. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ციხეში არიან. გარდა ამ ფაქტისა, არატიპიურია ის, რომ მათ საჭიროების გარეშე, თითქოს სპეციალურად დაარღვიეს კანონი, რათა ციხეში წასულიყვნენ. ამ განცდას აჩენს ისიც, რომ ზოგად პროტესტს ცალკე პოლიტიკურ პროცესად არ გამოეყო ამ ლიდერების მხარამჭერების აქციები, თუნდაც, ხალხის გასაღვიძებლად. რახან ციხეში ყოფნაზე არაა მხარდამჭერთა პროტესტი, შეიძლება, ციხეში ყოფნა პოლიტიკური ჩანაფიქრია, თუნდაც, ნელსონ მანდელას მიბაძვის.

გეთანხმებით, რომ დღეს ბევრია პოლარიზაციაც და არაადექვატურობაც, რაც არაა ტიპიური ადგილობრივი არჩევნებისთვის. ადგილობრივი არჩევნებისთვის არაა ტიპიური, რომ ოპოზიციას გამიზანული აქვს 4-ში შეცვალოს ხელისუფლება… ხელისუფლების შეცვლა არ ხდება ადგილობრივი არჩევნებით.

თუ ხელისუფლების შეცვლაში იგულისხმება რევოლუციით შეცვლა, მაშინ გაუგებარია რა საჭიროა რევოლუციის დამთხვევა 4 ოქტომბერზე. ნებისმიერ დღეს მომხდარი რევოლუცია, მაინც რევოლუცია იქნებოდა. მოკლედ, მიჭირს ბევრი იმ ფრაგმენტის გაგება, რომელიც ახალია ამ არჩევნებში. შეიძლება, ახლო დისტანციის გამო ფოთლებს ვხედავ და ტყეს ვერა.

თქვენ იკითხეთ, როგორ ვაფასებ არჩევნების ჩამტარებელ ინსტიტუტებს. ეუთო-ოდირმა დადებითად შეაფასა საქართველოს საპარლამენტო არჩევნები და მისი ჩამტარებლების პროფესიონალიზმი. არჩევნები გააკრიტიკა ევროკავშირმა, რომელიც პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობდა. მირჩევნია პროფესიონალიზმზე ავიღო ორიენტაცია საარჩევნო ადმინისტრაციის შეფასებისას და მიმაჩნია, თავის ფუნქციას შეასრულებს საარჩევნო ადმინისტრაცია.

– საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ტარდება ვითარებაში, როცა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი სულ უფრო გაუგებარი ხდება. ასეთი შეფასება, რბილად რომ ვთქვათ, ყველაზე რბილიც კია იმასთან შედარებით, თუ რა შეფასებებს აკეთებენ ამ თემაზე ხელისუფლების ოპონენტები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები.

საქართველოს ხელისუფლებას გართულებული აქვს ურთიერიერთობები ევროკავშირთან, ევროპის წამყვან ქვეყნებთან, რომლებიც აქამდე იყვნენ და დღემდე რჩებიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერებად.

დაპირებების მიუხედავად საქართველოს -თან ურთიერთობები არ და ვერ გამოსწორდა. ოფიციალური თბილისი ვაშინგტონს სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დაწყებას სთავაზობს, ვაშინგტონიდან კი ჯერჯერობით, არანაირი პასუხი არ ჩანს. მეტიც, ვხედავთ რომ აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება საკმაოზე მეტად კრიტიკულია.

თქვენ როგორ შეაფასებდით „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკას?

სავავარუდოდ, რას შეიძლებას ნიშნავდეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან „ბრიუსელთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა“?

– მართალი ბრძანდებით, ბევრს დაუჩივლია, ვერ გავიგეთ საგარეოში ურთიერთობებში რა ხდებაო. ასეთი სწრაფი ცვლილებების და ინფორმაციული კაკაფონიის პირობებში ადამიანი რომ დაიბნეს, არაა გასაკვირი. მეც შეძლებისდაგვარად შევებრძოლე კაკაფონიას და ვცადე პოლიტიკური „ტყე დამენახა ფოთლების იქეთ“, მოვლენებსა და შეფასებებში ზოგადი ლოგიკური სქემები აღმომეჩინა. არ ვიცი რას მივაღწიე, მაგრამ გაგიზიარებთ.

ყველასთვის ცნობილია ამერიკის ძირითადი ინტერესების პოლიტიკური სქემა: ამერიკა კონკურენტს ხედავს ჩინეთში და, წესით, არ უნდა სურდეს მისი განვითარება და გაფართოვება. ამ სქემაში ლოგიკურად ჩაჯდა, რომ 2020 წელს საქართველოში მყოფმა სახელმწიფო მდივნმა მაიკლ პომპეომ საჯაროდ გაგვაფრთხილა: ანაკლიის მშენებლობაზე ჩინეთი არ შემოუშვათ, დემოკრატიული ქვეყანა არ არისო.

ამას უპირისპირდება ქართული პოლიტიკური სქემა: მიუხედავად ამერიკის ინტერესებისა, საქართველოს სურს ჰქონდეს ურთიერთობა ჩინათთან, რათა გაზარდოს თავისი საერთაშორისო ფუნქციის მასშტაბი. საქართველოს ახალი სქემა, მისი „ჩინურ-ევროპულ ტრანზიტში“ მონაწილეობა გაცილებით მასშტაბურია, მაგალითად, „ბაქო-ჯეიჰანის“ სქემაზე (რის მერეც შეამჩნია დასავლეთმა ჩვენი არსებობა). ჩინური ვარიანტი მთელ კონტინენტს ფარავს და უფრო დიდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პერსპექტივებს მოუტანს ქვეყნას.

„ჩინეთ-საქართველოს“ სქემის განვითარებისთვის გადაიდგა ნაბიჯები 2014 წლიდან, როცა ჩინეთიდან პირველი მატარებელი ჩამოვიდა თბილისში. მოგვიანებით, ჩინეთში სპორტულ ღონისძიებაზე წასულმა ქართულმა დელეგაციამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ჩინელებმა რუსთაველის ბიუსტი დაგვახვედრეს.

ამჟამად 20000-ზე მეტი მატარებელია წასული ევროპისკენ საქართველოს გავლით. ეს ყველაფერი, ალბათ, აღიზიანებდა და აღიზიანებს ამერიკის გარკვეულ წრეებს, მაგრამ ისინი ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობაზე პომპეოს შემდეგ საჯაროდ აღარ ლაპარაკობენ, მხოლოდ ახ;ლახანს ახსენა ვილსონმა ეს ურთიერთობა ბოლო პერიოდის რიტორიკაში, როცა მან რუსეთი დაივიწყა და ჩინეთის გამო შეგვრისხა.

ამასთანავე შეიქმნა მსოფლიო მასშტაბის ახალი და ურთულესი სიტუაცია: რუსეთმა წამოიწყო ომი სთან, რომელსაც პოლიტიკურად და იარაღით მხარი დაუჭირა მთელმა დასავლეთმა დემოკრატი ბაიდენით სათავეში. უკრაინის და დასავლეთის სამხედრო ამოცანების გადაჭრას ხელს შეუწყობდა მეორე ფრონტის გახსნა, რაც შესთავაზეს კიდეც საქართველოს, მაგრამ საქართველო არ დათანხმდა. ზელენსკიმ მაშინ თქვა კიდეც, მიშა რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, დათანხმდებოდაო. ასევე არ დათანხმდა საქართველო მისი მხრიდან სანქციებს – ეგ ნაბიჯები რუსეთს ვერაფერს დააკლებს და საქართველოს სახელმწიფოს დაანგრევსო. ამერიკელები უკმაყოფილო დარჩნენ.

პატარა საქართველოს ამდენი თავნებობა დიდი ამერიკა-ევროპისთვის მიუღებელი უნდა ყოფილიყო და დასავლეთს, ბუნებრივია, ჩამოუყალიბდა პოზიცია, რომ საქართველოს ხელისუფლება ძნელი სამართავია, რომ იგი უნდა შეიცვალოს.

შედგა ხავერდოვანი რევოლუციების პრინციპებზე აგებული ახალი პოლიტიკური სქემა: „ხელისუფლების შეცვლა საქართველოში“. ამ სქემის ამოქმედების შედეგად დაიწყო მთელი დასავლეთის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ, რომლის ძირითადი სლოგანი იყო, რომ საქართველომ დემოკრატიის გზას გადაუხვია და რუსეთისკენ მიდისო.

გარდა რუსეთთან ომზე უარის თქმისა მისი სასიკეთო არაფერი გვიქნია, დილომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს და ჩვენ დაგვბრალდა რუსეთისკენ სვლა. ამ დროს, ეს-ენ-გეს-წევრ მოლდოვასაც არ გაუხსნია ფრონტი რუსეთთან, არც მოსკოვში გაშინაურებულ სომხეთს, მაგრამ მათ ევროპა არ თვლის რუსეთისკენ პირშექცეულებად. ესეიგი რუსულობის ბრალდება რაღაც სხვა პრეტენზიის შირმაა.

მე მგონი, სწორედ ჩინეთითან ურთიერთობაა ულტრალიბერალი დასავლეთის რეალური პრეტენზია, მაგრამ რუსეთი ბულინგისთვის გამოდგება, ჩინეთი – არა. ესეიგი, ორმაგი სტანდარტია? რა თქმა უნდა ორმაგია, ამხელა პოლიტიკური გამოცდილების ხალხს ორმაგი სტანდარტები თუ რევოლუციის ექსპორტი არ უნდა გვიკვირდეს.

ახლო წარსული ხომ მაინც გვახსოვს. გერმანიას რუსეთის გათიშვა რომ დასჭირდა, ლენინი დააფინანსა რევოლუციის მოსაწყობად. მაშინაც გერმანია ევროპა იყო და ნურც ახლანდელი ევროპისგან გავიკვირვებთ. ცხოვრებას აქვს მრავალი წახნაგი.

ევროპის ქართული პოლიტიკა „ოცნებამ“ ახალი პოლიტიკური ნაბიჯით გაართულა: რადგან ულტრალიბერალური დასავლეთი უტევდა საქართველოს, საქართველო გახდა უნგრეთში მოწყობილი კონსერვატიული მოძრაობის წევრი. კონსერვატულ ძალებთან საქართველოს დაახლოება კი ნიშნავდა იმას, რომ საქართველო ევროკავშირისთვის მოუღებელი ურბანის გვერდზე დადგა.

ეს ნაბიჯი ნიშნავდა იმასაც, რომ თუ ჩინეთი კავკასიაზე გაატარებდა ევროპისთვის გამიზნულ ტვირთებს, ამ გზას გააკონტროლებდნენ მსოფლიოს კონსერვატიული ძალები, რაც დემოკრატებისთვის მიუღებელი იყო. ახალმა მოტივმა გააძლიერა შეტევა საქართველოზე.

ლოგიკით უნდა ვივარაუდოთ, რომ კავკასიის გავლით ჩინური ტვირთების ტრანზიტის იდეას კიდევ ერთი მტერი გაუჩნდა – რუსეთი. ჩინეთმა რამოდენიმე მილიონი ჩინელი შეუშვა რუსეთთან მოსაზღვრე ციმბირში და ს ჩუმი ანექსია განახორციელა, მაგრამ რუსეთი ჩინეთს სიტყვას ვერ უბრუნებს, სჭირდება ჩინეთი და ეშინია მისი.

თუ ჩინეთი კავკასიაში გაივლის, რა გარანტია აქვს რუსეთს, რომ ჩინეთი გზად ჩრდილო-კავკასიის ჩუმ ანექსიას არ მოახდენს?! თავის დაზღვევისთვის რუსეთს, წესით, უნდა ერჩევნოს ჩინეთი საერთოდ არ შევიდეს კავკასიაში. ამისთვის ყველაზე მარტივია კავკასიის კარიბჭის, ანუ საქართველოს მონგრევა, მაგრამ რუსეთი ამას ღიად ვერ იზამს, ჩინეთი თავი ინტერესებზე აგრესიად მიიღებს ამ ნაბიჯს.

ამიტომ რუსეთს აწყობს, რომ დასავლეთმა ომით თუ სხვა კატაკლიზმებით ან არიოს საქართველო, ან საქართველოში მოიყვანოს ახალი ხელისუფლება, რომელიც არ გაიხედავს ჩინეთისკენ (დავაკვირდეთ, ჩვენი ოპოზიცია არ ახსენებს ჩინეთს). წესით, რუსეთს უნდა ჰქონდეს ინტერესების ამგვარი ლოგიკური სქემა, მაგრამ რეალურად რას ფიქრობს ეს აგრესიული რუსეთი, ძნელი სათქმელია.

განხილული პოლიტიკური სქემებიდან გამომდინარე საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ბევრს უნდა. ამასობაში ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ გაიმარჯვა ტრამპმა, თუმცა დემოკრატები ცდილობდნენ, რომ ჩამოეშორებინათ ტრამპი არჩევნებიდან მოსამართლეებით, მასმედიით, არასამთავრობო ორგანიზაციებით და ა.შ. ბოლოს ტყვიაც კი ესროლეს, მაგრამ ღმერთმა გადაარჩინა. მოკლედ, ამოქმედდა ტრამპის პარადიგმა/სქემა.

მან გაითვალისწინა დემოკრატებისგან მიღებული „გაკვეთილები“ და აქეთ დაუწყო დევნა დემოკრატებს, მათ დაფინანსებას და ორგანიზაციებს. ტრამპმა დაინახა, რომ დემოკრატები მხარს უჭერდნენ რუსეთ-უკრაინის ომს, და ალბათ ბევრი რამ ივარაუდა, რატომაც ტრამპმა დაიწყო ზრუნვა ომის შეწყვეტაზე. თუმცა, როცა ნახა, რომ ევროპას სურს ომის გაგრძელება, ტრამპი მალე დათანხმდა – უჩემოდ გააგრძელეთო. ალბათ, ეს ეშმაკური თანხმობაა. ომი შეჭამს ევროპული ქვეყნების ეკონომიკას, ცუდ დღეში ჩააგდებს ევროპელ ამომრჩეველს, რომელიც შეცვლის თავის ლიდერებს, ულტრალიბერალებს შეცვლის კონსერვატიული პოლიტიკოსებით, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს. ტრამპს ეს ცვლილება აწყობს.

შეიძლება ითქვას, რომ ტრამპი „სტრატეგიულ მოლოდინშია“, ის ელოდება როდის გადაირჩევს ევროპის მოსახლეობა მათ, ვინც გაიხარა კირკის მკვლელობით, ვისი წყალობითაც „ევროპა ჯოჯოხეთისკენ მიექანება“.

ამერიკელმა დემოკრატებმა ევროპელ ლიბერალებს გადმოულოცეს საქართველოსთან ინფორმაციული ომი. ახლა ევროპა გვიტევს, რომ შეიცვალოს ხელისუფლება. ბრიუსელს უნდა ოცნების შეცვლა, ხოლო ოცნება ელოდება ბრიუსელის ელიტის შეცვლას, ისევე, როგორც ამას ელოდება ტრამპი. ამდენად, ოცნების მხრიდან „ბრიუსელთან სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას“ აქვს ლოგიკაც და ოპტიმიზმის საფუძველიც.

ახლა, რაც შეეხება ვაშინგტონის „სუფთა ფურცელს“. ტრამპი სანამ ჩინეთთან არ დაალაგებს პოლიტიკას, იქამდე ვერ გადაწყვეტს როგორი პოლიტიკა ჰქონდეს საქართველოსთან, რადგან საქართველო მისთვის, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, არის ჩინეთის ტრანზიტის გზა. უნდა დავუცადოთ მსოფლიო პროცესებს, … „მოთმინება, თავადო, მოთმინება“ (მ/ფ „ქეთო და კოტე“).

კიდევ ერთი საკითხი – საქართველოში ხშირად გაიგებ, რომ თუ მთელი მსოფლიო აკრიტიკებს საქართველოს, ესეიგი საქართველოა რაღაცაში დამნაშავეო. ეს კონფორმულობაა, რაც ყოველვის სწორი არაა. ამ დროს, საქართველოს დღევანდელი კრიტიკოსები დასავლეთიდან ეკუთვნიან მემარცხენე პოლიტიკის იმ ჯგუფებს, ვინც ადრე ილიას შუბლში ტყვია დაახალეს, ვინც მერე 70 წელი აწამეს ქვეყნები და ახლაც გლობალურობას ემხრობიან.

იმედია, არ დაგვავიწყდა ეს ყველაფერი და ტროცკის მემკვიდრეებს არ აჰყვებიან თანამედროვე ქართველები, იმედია ქართველი პოლიტიკოსები გაერთიანდებიან საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის საკითხში.

 

– „ლელო“ და გახარიას „საქართველოსთვის“ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. ოპოზიციური ფლანგის მეორე ფრთა მოახლოებულ არჩევნებს „რუსულ სპეცოპერაციას“ უწოდებს და თავის მომხრეებს არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებს.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 4 ბარიერგადალახული პარტიიდან, 4 ოქტობრის არჩევნებში ორივე მონაწილეობს, ორი ბოიკოტში.

ვხედავთ, რომ ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები აცხადებენ – ერთნი იმას, რომ „არჩევნებში დაამარცხებენ რუსულ ოცენებას“, მეორენი კი ამბობენ რომ „ბოიკოტით დაამარცხებენ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს“.

თქვენ როგორ შეაფასებდით 4 ოქტომბრის არჩევნებისადმი ოპოზიციური ორი ფლანგის, დიამატრალურად განსხვავებულ პოზიციებსა და ტაქტიკასა და სტარატეგიებს, რომელიც ყველა შემთხვევაში მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აწყობს?

– უკვე მოგახსენეთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემდეგ „რუსულობა“ განზოგადდა და გადაიქცა ანტიევროპულობის სინონიმად. არა გამორიცხული, რომ საქართველოს რეალური პოლიტიკა იყოს პრორუსული, როგორიცაა, მაგალითად ბელორუსიის პოლიტიკა. შეიძლება ეს სიტყვა მხოლოდ საბულინგო იარლიყად იყოს ნახმარი. „რუსულობის“ ეპითეტის გამოყენების ამ ორ ვერსიაში გარკვევის ერთადერთი გზა არის ფაქტები.

თუ რუსეთის მხარდაჭერის ფაქტები არსებობს, ესეიგი ქვეყანა რუსულ პოლიტიკას ატარებს (სხვათაშორის ტრამპი რუსეთის სასარგებლო სავაჭრო ოპერაციებში სდებს ბრალს ევროპას, ანუ რუსული პოლიტიკის გატარებაში). თუ რუსეთის მხარდაჭერის ფაქტები არ იქნა, ესეიგი ეს სიტყვა პოლიტიკური მიზნით გამოყენებული იარლიყია.

ვთვლი, რომ ჯერჯერობით არც უცხოური და არც შინაური ოპოზიციის მსჯელობაში არ ჩანს საქართველოს მიერ რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერის ფაქტები, ისიც გაუგებარია, რას ნიშნავს ფრაზა „საქართველო მიდის რუსეთისკენ“.

დროთა განმავლობაში, ალბათ, ფაქტები მოგროვდება, იქამდე კი „რუსულობა“ იარლიყის შთაბეჭდილებას ტოვებს. პრობლემა იმაშია, რომ ამომრჩეველსაც ხშირად არ სჯერა, რომ ამჟამად რუსეთისკენ მიმავალ მატარებელში ვზივართ, ხშირად ისინიც ამას იარლიყად აღიქვამენ, რაც ოპოზიციის რიტორიკას საფუძველს აცლის.

ძალაუფლების მოპოვებას სჭირდება იარლიყების ომი, ქვეყნის შენებას არ სჭირდება ასეთი ომი. სულ არ ახსოვდათ დასავლეთის ქვეყნებს რუსეთი და არავის რუსობის იარლიყს არ აკერებდნენ ოთხი საუკუნის განმავლობაში, როცა ისინი აშენებდნენ დიდ დასავლურ დემოკრატიულ ცივილიზაციას. ჩვენც რომ ჩვენი ქვეყნის შენებას მივხედოთ, მგონი ესაა პირველხარისხოვანი საქმე, გავლენებისგან თავდაცვა მეორე ხარისხოვანია და გზადაგზა მოხდება.

– არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს რომ „ქართული ოცნების“ არჩევნებით დამარცხების შანსები არა აქვთ, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ქვეყნის მთელი ადმინისტრაციული რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ ადგილობრივი არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგოს.

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც არჩევნებისთვის ბოიკოტი აქვს გამოცხადებული ვარაუდობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 4 ოქტომბრის დასრულებას. მაგრამ, ხელისუფლება რომ ძალაუფლების დათმობას არ აპირებს, მათი განცხადებებიდანაც ჩანს. ანუ ის, რომ საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლება ძალის გამოყენებას არ მოერიდება.

თქვენ რა მოლოდინები გაქვთ 4 ოქტომბრის არჩევნების დღესთან დაკავშირებით? სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები 4 ოქტომბრის შემდეგ ?

– ხშირად ამბობენ, რომ ხელისუფლება წავა, თუ ბევრი ხალხი შეგროვდა საპროტესტო აქციაზეო. ანალოგიური აზრი ჩადებული იყო წითლაძის განცხადებაშიც „“ უნდა განმეორდესო.

თავიდანვე გავარკვიოთ – ვერც ერთი ქვეყნის ხელისუფლებას მხოლოდ საპროტესტო აქციით ვერ აიძულებენ წასვლას, თუ ხელისუფლებას ნერვებმა არ უმტყუნა. ყველა ხავერდოვანი რევოლუცია მოხდა იმის ხარჯზე, რომ დამფრთხალი მმართველები გაიქცნენ. თუ ოპოზიციას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და გაიმარჯვოს. თუ არ ჰყოფნის მხარდამჭერები, რევოლუციითაც ვერ გაიმარჯვებს, რადგან თუ ოპოზიციამ ძალა იხმარა, მას დაუპირისპირდება სახელისუფლო ძალა.

გასაგებია, რომ დღევანდელ ოპოზიციას სურს „ვარდების“ განმეორება. „ვარდები“ ხავერდოვანი რევოლუციების ერთერთი ვარიანტი იყო. ხავერდოვანი რევულუცია შედეგიანი იყო დროის მხოლდ გარკვეულ პერიოდში, სანამ მას „გაიცნობდნენ“. „გაიცნეს“ და, როგორც ხედავთ, ხავერდოვან რევოლუციებს აღარ მოაქვთ შედეგი, რადგან ხელისუფალნი არ გარბიან მიტინგის დანახვაზე.

ამ ანალიზს თუ გადმოვიტანთ 4 სექტემბერზე, ცხადია, რომ ვეღარ მოხდება „ვარდები-2“, სუსტი ნერვების მქონე ნამდვილად არაა ეს ხელისუფლება, მთელი დასავლეთი უძახის “წადი და მიშა მოიყვანეო“ და არ შვება.

თავად პარტიებს უნდა აწყობდეთ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ… ალბათ, საპროტესტო ბოიკოტი სჭირდებათ უცხოეთში, ისინი ცალსახად უჭერენ მხარს პროტესტს, მათ შორის, საქართველოში (რაზეც ლაპარაკობდა ზელენსკი გაეროში). ამის მიზეზების ძებნა შორს წაგვიყვანს. დასავლეთის ამ ტენდენციის გამო ვვარაუდობ, რომ 4-ში იქნება ხმაურიანი, ოღონდ უშედეგო დესტაბილიზაცია.

რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე ოპოზიციას, ის ოპოზიციური მოსახლეობის ხმებს აიღებს და ბევრგან შეიქმნის მყარ საფუძველს იმისა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მიაღწიოს უფრო მეტ შდეგს.

 

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი