რამაზ ნიკოლეიშვილი აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საერთაშორისო მისიას ხელმძღვანელობდა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე- პრეზიდენტი რამაზ ნიკოლეიშვილი აზერბაიჯანის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საერთაშორისო მისიას ხელმძღვანელობდა.
რამაზ ნიკოლეიშვილის განცხადებით, დღეს პირველი არჩევნები იყო აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ, ამიტომ მას ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა.
„დავესწარით საპარლამენტო არჩევნებს აზერბაიჯანში, წარმოვადგენ საქართველოს და ორგანიზაციას, რომლის ვიცე პრეზიდენტი ვარ. ჩემს მეგობრებთან ერთად მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი არჩევნებს, რომელიც თავისი მოწყობით უნიკალური იყო იმ ნაწილში, რომ მთელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზ ეისტორიაში პირველად ჩატარდა. ყველა აზერბაიჯანელისთვის ეს იყო დღესასწაული. აზერბაიჯანელებმა არჩევნები როგორც დღესასწაული ისე მიიღეს, თავის რჩეულს მისცეს ხმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მასთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვიცი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის აზრი საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით და ალიევი თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანს განაცხადი გაკეთებული არ აქვს. ჩვენ გვჭირდება მშვიდი და განვითარებული აზერბაიჯანი, ამიტომ ჩვენ ურთიერთობას უნდა ვალაგებდეთ ყოველდღე ამ ქვეყანასთან, რომ მივაღწიოთ წარმატებებს, რომ ჩვენი ეკონომიკა გაიზარდოს და გვქონდეს ჩვენი ძლიერი მეზობლის იმედი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები მნიშვნელოვანი იყო, ჩამოყალიბდება პარლამენტი და შესაბამისად მათთან დავამყარებთ ურთიერთობებს“, – განაცხადა რამაზ ნიკოლეიშვილმა.
აღნიშნულ კომენტარს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ავრცელებს.