ღაზაში ომს ბოლო არ უჩანს, პალესტინელებმა 11 მარტს დაიწყეს წმინდა თვის, რამადანის მარხვა – სექტორში გაღრმავებული შიმშილისა და მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის გამო ისრაელზე მზარდი ზეწოლის ფონზე.
აშშ, კატარი და ეგვიპტე იმედოვნებდნენ, რომ რამადანის დაწყების წინ შეძლებდნენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას, რასაც უნდა მოეცვა ისრაელელი მძევლების და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება და ღაზაში ბევრად მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანა. თუმცა მოლაპარაკება გასულ კვირაში ჩიხში შევიდა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათში საავადმყოფოებში მიიტანეს ისრაელის თავდასხმების შედეგად მოკლული 67 ადამიანის ცხედრები – ომის დაწყებიდან პალესტინელთა შორის მსხვერპლის საერთო რიცხვი 31 112 ადამიანს აჭარბებს. ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო მსხვერპლის მონაცემში ერთმანეთისგან არ ყოფს სამოქალაქო პირებსა და მებრძოლებს, თუმცა ამბობს, რომ მსხვერპლის ორი მესამედი მოდის ქალებზე და ბავშვებზე.
ომს ბიძგი მისცა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის მხრიდან 7 ოქტომბერს ისრაელზე მიტანილმა იერიშმა, რასაც 1200-მდე ადამიანი შეეწირა, უმეტესად სამოქალაქო პირები, 250-მდე ადამიანი მძევლად აიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, ჰამასის ტყვეობაში 100-მდე ადამიანი რჩება.