ბაჩო ახალაის მეუღლე ანი ნადარეიშვილი ,,პრაიმტაიმის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება:
,,ასეთ აბსურდში ვცხოვრობთ ხალხო, 10 წელი რომ ციხეში ყავდათ გამოკეტილი, მერე ქვეყნიდან 3 წელი წასული და ჩვენი ოჯახური ტრაგედიის გამო (იცით ძმა გარდამეცვალა და დედა ონკოპაციენტი მყავს, ვერ ვტოვებ) დაბრუნებულებს საკუთარ სახლშიც არ გვასვენებენ. რაის ასაფეთქებელი ან რაის პარლამენტში შევარდნის რუკა, ან ეს კაცი -ლორთქიფანიძე, პირდაპირ გეტყვით ამასთან იმდენი კითხვა გვაქვს წინა წლებიდან, ამ კაცთან ერთად გაკეთებულ ჩაქაფულსაც არ შეჭამს კაცი“
შეგახსენებთ, პრაიმტაიმმა დღეს გაავრცელა:
,,Prime time – მა ახალი, სკანდალური დეტალები მოიპოვა ეგრეთ წოდებული „ასაფეთქებელი ნივთიერების“ სკანდალურ საქმეში. ჩვენთვის ცნობილი ხდება ამ საქმესთან დაკავშირებული სხვა დეტალების შესახებაც. როგორც სუსში ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადეს, ერთ-ერთი დაკავებული უკრაინის მოქალაქე ადასტურებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე, კონკრეტულ ლოკაციაზე მას უკრაინის სპეცსამსახურების, SBU – ს წარმომადგენლებმა გადასცეს ასაფეთქებელი ნივთიერება და დაავალეს, რომ „ტვირთი“ თბილისში, კონკრეტულ მისამართზე, კონკრეტული ადამიანისთვის უნდა გადაეცა. ჩვენების ავტორი ამბობს, რომ ასაფეთქებლის საბოლოო დანიშნულების ადგილი რუსეთის ფედერაცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია.
პარალელურად, prime time – მა გაარკვია, რომ თბილისში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსანი, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ოდიოზური ლიდერი ბაჩო ახალაია პერმანენტულ კავშირზეა უკრაინის სპეცსამსახურებთან, რასაც კოორდინაციას უკრაინის ხელისუფლების მოქმედი მაღალჩინოსანი, გია ლორთქიფანიძე უწევს.
ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ახალაია, რამდენიმე ყოფილ ძალოვანთან და ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ამუშავებდა 4 ოქტომბერს, არეულობის მოწყობის შემდეგ პარლამენტის “აღების” გეგმას, ხოლო შეკრების ადგილად შავიშვილის ქუჩაზე არსებული, მისი ცოლის, ანი ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული სახლი აქვთ არჩეული. სანდო წყარომ ნაცმოძრაობის რიგებიდან ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ გეგმის სისრულეში მოსაყვანად ახალაია სახლში ფიზიკურად ინახავს პარლამენტის შენობის დიდ მაკეტს, რათა თანამზრახველებს დეტალურად აუხსნას შენობის პიკეტირების სამოქმედო გეგმა, რაც თავის მხრივ, აქტივისტებთან უნდა ჩაიშალოს.
რაც შეეხება ახალაიას კავშირებს „ასაფეთქებელი ნივთიერების“ სკანდალურ საქმესთან, წყაროს ინფორმაციით ახალაია რამდენიმე დღის განმავლობაში ელოდებოდა „დახმარებას უკრაინიდან“, დახმარება კი ძალიან დიდი ალბათობით სწორედ ეს ასაფეთქებელი ნივთიერებაა. ამასთანავე, ახალაია მუდმივ კავშირზეა გია ლორთქიფანიძესთან და ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, სწორედ მას უნდა გაეწია კოორდინაცია, რათა ტვირთი მისულიყო ავლაბარში, „ავლაბრელ მეგობართან“, როგორც თავად მოიხსენიებდა.“