რაისის დაღუპვის შემდეგ, ირანში მიმდინარეობს პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია

ირანში 28 ივნისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ამ ეტაპისთვის რეგისტრირებულია ცხრა კანდიდატი – მათ შორის მკაცრი კონსერვატორი ფიგურა და ზომიერი შეხედულებების პოლიტიკოსი, რომელსაც 2021 წელს აეკრძალა არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობა.
რეგისტრაციის ხუთდღიანი პერიოდი 30 მაისს დაიწყო და 3 ივნისს დასრულდება. კანდიდატთა საბოლოო სია – რომელიც კონსერვატორთა ხელმძღვანელობით მოქმედმა ზედამხედველთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს – გამოქვეყნდება 11 ივნისს.
ვადამდელი არჩევნების ჩატარების საჭიროება გამოიწვია 19 მაისს მომხდარმა ვერტმფრენის კატასტროფამ, რომელსაც შეეწირა პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, კიდევ შვიდ პირთან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან ერთად.
ირანის სახელმწიფო მედიის თანახმად, 30 მაისს რეგისტრაცია გაიარა ბირთვულ საკითხებში ირანის ყოფილმა წარმომადგენელმა, საედ ჯალილიმ – მკაცრმა კონსერვატორმა, რომელიც დაახლოებული პირია უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან.
კიდევ ერთი ცნობილი ფიგურა, რომელმაც რეგისტრაცია გაიარა, არის ალი ლარიჯანი – ყოფილი პარლამენტის სპიკერი და ბირთვულ საკითხებში ქვეყნის წარმომადგენელი, ზომიერი პოლიტიკური შეხედულებების მქონე პოლიტიკოსი, რომელსაც 2021 წელს ზედამხედველთა საბჭომ არ მისცა არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლება.