რაიდერი: გავაგრძელებთ საქართველოსთან და თავდაცვის ძალებთან პარტნიორობას

პენტაგონის პრესსპიკერის, გენერალ-მაიორ პატრიკ რაიდერის თქმით, ღირსეული პარტნიორის წვრთნების გაუქმების მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის ძალებთან პარტნიორობას ჯერჯერობით გააგრძელებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.
“სხვა გაუქმების შესახებ ახლა არაფერი ვიცი.” – უპასუხა რაიდერმა შეკითხვას, ღირსეული პარტნიორი 2024-ის გაუქმების შემდეგ, იგეგმება თუ არა საქართველოსთან სხვა ღონისძიებებისა და თანამშრომლობის შეჩერებაც.
აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის სპიკერს ჰკითხეს, ხედავს თუ არა პენტაგონი საქართველოს აშშ-ს მეგობარ მოკავშირედ, თუ ფიქრობენ, რომ თბილისი სკენ მიდის. შეკითხვას რაიდერმა ირიბად უპასუხა. მან აღნიშნა, რომ საქართველოსთან და თავდაცვის ძალებთან პარტნიორობას გააგრძელებენ.
“ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან და თავდაცვის ძალებთან პარტნიორობას და გავაგრძელებთ გზების გამონახვას საქართველოს მიერ საკუთარი სუვერენიტეტის უზრუნველყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების შესაძლებლობის გაძლიერებისთვის. წვრთნების გაუქმების გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია. დიდ ყურადღებას ვაქცევთ უზარმაზარ ღირებულებას, რომელსაც ღირსეული პარტნიორის მსგავს წვრთნებს მოკავშირეები და პარტნიორები მატებენ. ასე რომ, ველით მომავალ შესაძლებლობებს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოოპერაციისთვის. აქ შევჩერდები.” – თქვა პატ რაიდერმა.
რაიდერმა რამდენიმე დღით ადრე ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქართული ოცნების რიტორიკა, რომელიც ყალბ ბრალდებებს ეფუძნებოდა, ძალიან შემაშფოთებელი იყო.
“სამწუხაროდ, მიღებულია გადაწყვეტილება ამ წვრთნების გადადების შესახებ, მისი გაუქმების შესახებ იმ ფაქტის გამო, რომ ჩვენ ვიხილეთ ძალიან შემაშფოთებელი რიტორიკა, რომელიც გულისხმობს ყალბ განცხადებებს, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები გამიზნულად ცდილობდა რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას, რაც აბსოლუტურად მცდარია. რუსეთია ის, ვინც ცდილობს ში ამ კონფლიქტში დაძაბულობის გამწვავებას”. – თქვა რაიდერმა ამერიკის ხმასთან.
რაიდერის თქმით, ხელისუფლების რიტორიკის მიუხედავად აშშ საქართველოსთან ხანგრძლივ ორმხრივ ურთიერთობას აფასებს და ორმხრივი ჩართულობის შესაძლებლობების ძიებას გააგრძელებს.
“კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზების ძიებას, თუ რა ორმხრივი ჩართულობა შეიძლება გვქონდეს საქართველოსთან. ვაფასებთ ჩვენს პარტნიორობას. ისინი [საქართველო] მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რეგიონში და განვაგრძობთ ამაზე ფოკუსირებას”. – თქვა რაიდერმა ამერიკის ხმასთან.
5 ივლისს პენტაგონმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობის გადახედვის ფარგლებში და დასავლეთის მიმართ ქართული ოცნების ცრუ ბრალდებების ფონზე, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორი 2024. ღირსეული პარტნიორის სწავლებები ბოლო წლების განმავლობაში ამერიკელი სამხედროებისა და ჯავშანტექნიკის მონაწილეობით პერიოდულად ტარდებოდა.
“30 მაისს აშშ-ს მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის სრული გადახედვა დაიწყო. ღირსეული პარტნიორის გადადების გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებს შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლელი სუბიექტების მიმართ, თითქოს საქართველოს აიძულებდნენ გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთთან, რათა შემცირებულიყო ზეწოლა უკრაინის მიმართ და თითქოს, [რედ. დასავლეთი] მონაწილეობდა მმართველი პარტიის წინააღმდეგ გადატრიალების ორ მცდელობაში. შესაბამისად, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეუფერებელი დროა საქართველოში ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად.” – ეწერა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.
ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს ამერიკელი დემოკრატი სენატორი, ჯინ შაჰინი ამბობდა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები გავლენას ახდენდა თბილისსა და ვაშინგტონს შორის სამხედრო ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე.
ამას გარდა, 9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარებისთვის განკუთვნილი 30 მილიონი ევრო გაყინა.