რაზე ისაუბრეს ზურაბიშვილმა და მედიამენეჯერებმა, NGO-ების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე

მიუნხენის კონფერენციაზე გამგზავრებამდე საქართველოს პრეზიდენტი დღეს, 11 თებერვალს მედიამენეჯერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო აქტივისტებს შეხვდა.
შეხვედრების დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა შემაჯამებელ ბრიფინგზე თქვა, რომ საუბრის თემა იყო არსებული პრობლემები, გეოპოლიტიკური კუთხით არსებული საკითხები, რასაც “მიიტანს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სადაც წარმოდგენილი იქნებიან სხვადასხვა სახელმწიფოს მაღალი რანგის წარმომადგენლები”.
“ასევე, გზავნილები მაინტერესებდა, მათი პრობლემები დღევანდელ დღეს ამ რეპრესიული მანქანის წინაშე და მათი მზადყოფნა, რაც გამოხატეს, რომ ბოლომდე გააგრძელონ ეს ბრძოლა და მე ამ შემართებას ჩავიტან კიდევ ერთხელ მიუნხენში, რადგან დღევანდელი შეხვედრების მისამართი ეს იყო, რომ ვიცოდე ყველა ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ, რა არის ის მთავარი გზავნილები და პრობლემები, რაც მე უნდა წავიღო. მქონდა არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმასთან შეხვედრა, სადაც ასევე ძალიან საინტერესო საკითხები წამოიჭრა, შეიძლება ითქვას, უფრო გეოპოლიტიკური კუთხით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მივიტანო იქ, მითუმეტეს, ეს არის უსაფრთხოების კონფერენცია, სადაც მაღალი წარმომადგენლები იქნებიან სხვადასხვა სახელმწიფოების და მათთან მივიტანო ის მთავარი გზავნილი, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, რომელშიც არის არა მხოლოდ დიქტატურა, რუსული რეჟიმი, რეპრესიები, არამედ ის, რომ აქ დგას საშიშროება, რომ რეალურად საქართველოში რუსეთმა მოიგოს, რაც ვერასდროს მოიგო და ეს იყოს პირველი ასეთი მარცხი დასავლეთისთვის, ევროპისთვის და ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.