დღეს, 3 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორი ჯაბა სამუშია და აკადემიური საბჭოს წევრები განათლების მინისტრის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას შეხვდნენ. თითქმის 4 საათის განმავლობაში ისინი საუბრობდნენ “ქართული ოცნების” ინიციატივაზე თსუ-სა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) გაერთიანების შესახებ.
სამუშიას ინფორმაციით, პარასკევს, 6 თებერვალს, “ქართული ოცნების” განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე შეხვდება როგორც თსუ-ის, ისე ტსუ-ის წარმომადგენლებს ერთად.
“იყო, რა თქმა უნდა, მწვავე შეკითხვები […] ეს იყო როგორც ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული შეკითხვები და მეორე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური საკითხები, რომელსაც გასცემს პასუხს მინისტრი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პარასკევს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთად შეხვდება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ბატონ გივი მიქანაძეს და ჩვენ გვექნება საუბარი ამ გადაწყვეტილებასთან [უნივერსიტეტების გაერთიანება] დაკავშირებით”, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
“ქართული ოცნების” განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ, ვისაც შეხვდნენ დღეს თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრები, დღეს განაცხადა, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. TV პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება პროფესორებთან შეთანხმების გარეშე, გაბისონია ამბობს, რომ სამთავრობო ტიპის გადაწყვეტილებაა.
გუშინ, 2 თებერვალს იმავე საკითხზე სასაუბროდ განათლების განათლების სამინისტროში იმყოფებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე და აკადემიური საბჭოს წევრები.
ამავე თემაზე:
“ჯაბა სამუშიამ გვითხრა, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერ არ აქვს” – სტუდენტი




