„ათწლეულებია, ქართველი ერი ქუჩაში გამოდის, როცა დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება. შინაგანი გრძნობა აქვთ ქართველებს, რომ რუსეთში დაბრუნების ერთადერთი ალტერნატივა ევროკავშირია. ეს არის ეგზისტენციალური ბრძოლა. და ამიტომ, როცა მეკითხებიან ხოლმე, „არ ტოვებ პროცესს?“ მე ვპასუხობ, რომ არა, რა თქმა უნდა, ვრჩები“, — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო მიუნხენის უსაფრთხოების პანელურ დისკუსიაში „საქართველო“, სადაც საქართველოში უწყვეტად მიმდინარე პროტესტს, დასავლეთისადმი მოლოდინებსა და ევროკავშირის ხედვას საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტი თავად ხალხის მიერ იმართება და მას გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. თავად მისი როლი კი უკვე არსებული და პროტესტის წიაღში შექმნილი პოლიტიკური ძალების კონსოლიდირებაა.
„ჩვენ არ გვჭირდება ადამიანების მობილიზება, ადამიანები თავად მობილიზდებიან. ეს არ არის რევოლუცია. ჩვენ მშვიდობიანი მოსახლეობა გვყავს, რომელიც იაზრებს რა გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ვართ და იციან, რომ ეს გზა რევოლუციაზე არ გადის. ჩვენი გზა და ხალხის სწრაფვა არის დიქტატურის დამარცხება. ჩემი როლი არსებული პოლიტიკური პარტიების კონსოლიდირებაა და არა მარტო არსებული პარტიების. ქუჩის პროტესტი არის სივრცე ახალი პოლიტიკური ძალების შექმნისთვის. რეჟიმი ამის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობს. მათ ძალიან უნდათ, რომ პროტესტი პარტიების მიერ იყოს ორგანიზებული, მათ დააკისრონ პასუხისმგებლობა და დაიჭირონ ეს ხალხი, მაგრამ პროტესტს აქვს შემოქმედებითი მიდგომები, მას არ ჰყავს ორგანიზატორი და ლიდერი. არც მე ვარ ასეთი. მეც მხარდამჭერი ვარ“, — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორ ებრძვის და როგორ ამარცხებს დიქტატურას საქართველო, ამ კითხვაზე სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ წინააღმდეგობით და სანამ ზოგიერთ პარტნიორს დღემდე ჰგონია, „ქართული ოცნების“ რუსული გეზის შეცვლა ჯერ კიდევ შესაძლებელია, საქართველოში იციან, რომ ეს „წაგებული თამაშია“.
„ქართველ ხალხს უნდა, რომ ხედავდეთ მათ და მოუსმინოთ. დიქტატურის დამარცხების რეცეპტი არავის მოუგონია, ჩვენი სტრატეგია წინააღმდეგობაა. ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ფიქრობს, რომ შეიძლება რაღაც ისეთის გაკეთება, რაც გააჩერებს ქართულ ოცნებას რუსეთისკენ მიმავალ გზაზე და დააბრუნებს ევროპის გზაზე. ქვეყნის შიგნით ვიცით, რომ ეგ წაგებული თამაშია, დამთავრებულია. ადამიანები ელოდებიან, რომ ითქვას (დასავლეთიდან) სიმართლე და ჩვენ ვიცით, რომ დანარჩენზე ჩვენ თვითონ უნდა ვიმუშაოთ“, — თქვა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა იმ მოლოდინებზე, რაც დასავლეთის მიმართ არსებობს და რაც ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლიათ ქართველი ხალხის დასახმარებლად გააკეთონ.
„არავინ ელოდება ინტერვენციას. თუმცა რა დაფინანსებაც იყო მთავრობისთვის გამოყოფილი, უნდა გადატანილ იქნას სამოქალაქო საზოგადოებაში. […] თუ [მაგალითად, უნგრეთის გამო] ევროკავშირი ვერ მივა კონსენსუსამდე, ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ თქვან პირდაპირ, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში არ იყო თავისუფალი, სამართლიანი და რომ ეს მთავრობა არალეგიტიმურია. ევროპას შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებისა და პროტესტის, მედიის, რეგიონული მედიის მხარდაჭერა. სანამ ევროკავშირის ბიუროკრატიული პროცედურები დასრულდება, შეიძლება დაგვიანდეს, მაგრამ მოსახლეობა იბრძვის ბოლომდე. რეჟიმი იზოლირებულია საკუთარი მოსახლეობისგან და ვერ მართავს ქვეყანას. ერთი დადებითი გადაწყვეტილება არ მიუღიათ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. რაც მიიღეს, მხოლოდ რეპრესიული გადაწყვეტილებებია“, — თქვა კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი კონფერენციაზე ასევე შეეხო იმ თემებს, რაზეც პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან არჩევნებამდეც მუშაობდა და რაზეც მიმდინარე პერიოდში თუ მომავალში არის სამუშაო.
„მე ვმუშაობ პოლიტიკურ პარტიებთან, ვმუშაობდი არჩევნებამდეც. მუშაობა ახლაც მიმდინარეობს, რა შედეგებიც უნდა გვქონოდა, იმის მისაღწევად. ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, უკან გაწვევა რუსული კანონისა და სხვა რეპრესიული კანონებისა, რომლებიც კოპირებაა იმის, რასაც რუსეთში აკეთებენ. რუსული სტილია სამოქალაქო საზოგადოების, კრიტიკული მედიის რეპრესიები, რომელთა შორისაა დაპატიმრებული და მოშიმშილე ჟურნალისტის დაფუძნებული მედიები, ოფშორებთან დაკავშირებული კანონი, რომელიც საქართველოს ოფშორების ოფშორად აქცევს. ივანიშვილს, ტოპ ოლიგარქს და ასევე სხვა სანქცირებულ ოლიგარქებს შეუძლიათ აქტივები გადმოიტანონ საქართველოში“, — თქვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.
კონფერენციაზე საუბარი შეეხო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პირობებში სხვა სახის ურთიერთობების გაძლიერებას, უკრაინის, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთგანმაპირობებელ მომავალს.
„ივანიშვილის რეჟიმი რუსული მოდელის ასლია. მოვუსმინოთ რუსი ლიდერების გამოხმაურებას საქართველოს მარიონეტული ლიდერების ქმედებებზე. რუსეთთან ევროპაზე მეტი პირდაპირი ფრენები გვაქვს. გვაქვს ვაჭრობა. დიპლომატიური ურთიერთობა შეიძლება არ გვაქვს, მაგრამ კულისებში ურთიერთობა შეიძლება დიპლომატიურზე უფრო ძლიერი იყოს. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება იყო ის, რაც იხარშებოდა ორი წლის მანძილზე. რუსეთის საელჩოს გახსნა არ სჭირდებათ ქართველებს, რომ დაინახონ, რაც ხდება. უკრაინის მომავალი განსაზღვრავს ჩვენს მომავალსაც და ევროპის მომავალსაც. ხანდახან ევროპელებს უჭირთ ამის ცხადად დანახვა. რაც საქართველოს დაემართება, ისიც განსაზღვრავს თქვენს მომავალს. აუცილებლად განსაზღვრავს ეს სომხეთის მომავალს, მის ევროპულ გზას, შავ ზღვასთან დაკავშირებულ საკითხებს, ევროკავშირის ყველა მთავარ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელთა უმრავლესობა სწორედ შავ ზღვას უკავშირდება. საქართველოში მოვლენების განვითარებამ შეიძლება განსაზღვროს არჩევნების ბედი ბევრ ევროპულ ქვეყანაში, რადგან თუ რუსეთი დაინახავს, რომ მისი აქ გამოყენებული ტაქტიკა მუშაობს და ამაზე პასუხისგება არ უწევს, რუსეთს ექნება ცდუნება, რომ თავისი სტრატეგიები სხვაგანაც გამოიყენოს“, — აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია დღეს, 14 თებერვალს დაიწყო. წელს კონფერენციას „ქართული ოცნებიდან“ არავინ ესწრება. საქართველოდან მიუნხენის კონფერენციაზე იმყოფებიან სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარია. სალომე ზურაბიშვილთან ერთად წარმართულ დისკუსიას ესწრებოდა გიორგი გახარიაც.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე დებატების ყველაზე დიდ ფორუმს მსოფლიოში. კონფერენცია თავს უყრის დიპლომატიაში არსებულ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს მსოფლიოს უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 1963 წლის შემოდგომაზე დაარსდა და უკვე 50-ზე მეტი წელია, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო დიალოგს.
ნახეთ ასევე:
გახარია მიუნხენში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
