„მზად არიან, კოლეგები ანათემას გადასცენ“, – სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 21 მარტის სხდომას, სადაც არხის „ქართული ოცნებისა“ და მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების საკითხის „პროკურატურისათვის გადაცემა“ გადაწყვიტეს.
„ზუსტად ასე გამოიყურებოდა საბჭოთა დროს „თანამდებობის პირების“ აუღელვებელი მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვისი საქმე გადაეცათ პარტიას, ვინ დაესმინათ, დაებრალებინათ მოღალატეობა. ეს კი სხვა არაფერია“ – ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილი ბორდის წევრების მსჯელობას.
„დღეს ადამიანები ამ მდგომარეობას ასე უსირცხვილოდ ეგუებიან, და მზად არიან კოლეგები გადასცენ ანათემას, გაუშვან ციხეში, მეტყველებს იმაზე, თუ რად იქცა ეს რეჟიმი და რას დაემსგავსა“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
„ევროპისკენ რომ არ მიდიხართ გავიგეთ, მაგრამ „ღირსეულად“ რომ ვერსადაც მიდიხართ, ამას თუ ხვდებით მაინც“, – დაწერა ზურაბიშვილმა ფეისბუკზე.
სალომე ზურაბიშვილი ბორდის ამ სხდომას მეორე პოსტითაც გამოეხმაურა და დაწერა:
„დღეს ეს არის მთავარი კითხვა: „ყოფნა? არყოფნა“? ვართ თუ არა მზად ამათსავით ერთი ხელის აწევით, ერთნაირი სიტყვებით და თვალის დაუხამხამებლად გადავცეთ მეორე ადამიანი „კომპეტენტურ ორგანოებს“ … და რის გამო? განსხვავებული აზრის და პოზიციის გამოხატვისათვის?“
„პირველი არხის“ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, რომელიც 21 მარტს გაიმართა, საბჭოს წევრებმა არხის თანამშრომლების – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაშვილის შესახებ იმსჯელეს. არხის ადვოკატმა საბჭოს წევრებს წარუდგინა მოცულობითი დასკვნა, რომელიც არხის მიერ ამბების გაშუქებას ქრონოლოგიურად ასახავდა.
როგორც სამეურვეო საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრებმა განაცხადეს, არხის თანამშრომლები, რომლებიც ხელმძღვანელობას რამდენიმე თვის წინ დაუპირისპირდნენ, მათ ცილს სწამებენ ისე, რომ არანაირ მყარ მტკიცებულებებს არ წარმოადგენდნენ, რის გამოც, სამეურვეო საბჭოს წევრები ფიქრობენ, რომ აღნიშნული ჟურნალისტები გარკვეული მიზნებით მოქმედებდნენ და ამიტომ ეს საკითხი პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.
„მიზანშეწონილი მგონია, რომ პროკურატურამ შეისწავლოს ეს საკითხი, რატომ მოუნდათ ამ ადამიანებს და რატომ არის ეს ამბები ერთმანეთთან გადაბმული. ეს თუ ჩვენ ასე არ გავაკეთეთ, განუწყვეტელი პროვოკაციები იქნება. ეს ასე არ უნდა დარჩეს და სერიოზულად უნდა იქნას გამოძიებული. ეს არის სახელმწიფო რესურსების პირადი, პოლიტიკური და შეიძლება ფინანსური გამოყენება, ვიღაცამ ფული აიღო თუ პოლიტიკური სურვილები გამოხატა, ეს უნდა იქნას გამოძიებული“,- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
„შთაბეჭდილება მაქვს, რომ მასონური ლოჟაა ამ ყველაფერში ჩარეული, დედას გეფიცებით“, – თქვა თამილა დოლიძემ, საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა.
„არ გამიკვირდება, ჩემი მოქმედება ისე შეაფასონ, როგორც სამეურვეო საბჭოს წევრებმა“ – ამის შესახებ ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა პირველი არხის ბორდის წევრების გადაწყვეტილების საპასუხოდ განაცხადა.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის თქმით, ბრალდება, რომ პირველი არხის სარედაქციო პოლიტიკაში რეჟიმის ჩარევაზე ხმამაღლა მოსაუბრე ჟურნალისტები ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, სიმართლის პატარა მარცვალსაც კი არ შეიცავს.
ფორუმი
