პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ რუსული იმპერიალიზმი გააკრიტიკა და კრემლს მიმართა, რომ რუსეთი აღარასოდეს იქნება ვარშავის, კიევის, ვილნიუსის ან რიგას მმართველი. ამის შესახებ მან პოლონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
“თქვენ აღარასდროს იქნებით აქ მმართველები – არც ვარშავაში, არც კიევში, არც ვილნიუსში, არც რიგაში, არც ტალინში, არც კიშინიოვში! ეს დრო სამუდამოდ წასულია. […] რუსული იმპერიალიზმი ჩვენი მტერია. ეს არის ჩვენი პოლიტიკა პუტინის მიმართ და ის არასდროს იქნება სხვანაირი. […] არ გაქვთ საკმარისი მიწები? 11 სასაათო სარტყელი [გაქვთ] და საკმარისი მაინც არ არის? უკეთესად მართეთ ის რაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით თქვენს საზღვრებშია”. – თქვა შიკორსკიმ.
ამასთან, შიკორსკიმ საერთაშორისო მდგომარეობას “უკანასკნელ ათწლეულში ყველაზე რთული” უწოდა და მოკავშირეებს უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, სწორედ ამ ომის დასასრული განსაზღვრავს, ევროპის მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმას.
“ჩვენი მიზანი უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა და არა უბრალოდ მყიფე ცეცხლის შეწყვეტა”. – თქვა შიკორსკიმ.