რადიო თბილისმა “ქართული ოცნების” მხარდამჭერ ტელეკომპანია „იმედის“ თვითრეგულირების საბჭოში უჩივლა

რადიო თბილისმა “ქართული ოცნების” მხარდამჭერ ტელეკომპანია „იმედის“ თვითრეგულირების საბჭოში უჩივლა — მაუწყებელმა რადიოს მფლობელი რამაზ სამხარაძე და რადიო თბილისი სიუჟეტში „უცხოური სპეცსამსახურებიდან დაფინანსებულებად“ წარმოაჩინა.
რადიო თბილისის განცხადებით, თუ „იმედი“ არ უარყოფს ცრუ და მტკიცებულებებისგან დაცლილ ბრალდებებს, მედია ჰოლდინგი მიმართავს კომუნიკაციების კომისიას, სასამართლოს და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს.
საჩივარი ეხება 2025 წლის 23 ნოემბერს, გადაცემაში „იმედის კვირა“, ირაკლი ჩიხლაძის მიერ წარდგენილ სიუჟეტს — „უცხოური სპეცსამსახურების მედია ქსელი“, რომლის ავტორებად ანუკი გუმბერიძე და სანდრო გამსახურდია არიან მითითებული.
რადიო თბილისის დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე აცხადებს, რომ სიუჟეტი იყო უსაფუძვლო, ცილისმწამებლური და მტკიცებულებების გარეშე.
მისი თქმით, სიუჟეტში იგი და მისი მედია ჰოლდინგი წარმოჩინდა როგორც „უცხოური სპეცსამსახურებიდან დაფინანსებული სტრუქტურა“, რაც სრულად არ შეესაბამება სიმართლეს და აზიანებს როგორც მის, ისე რადიო თბილისის რეპუტაციას.
რადიო თბილისის განცხადებით, სიუჟეტის მომზადებისას „იმედის“ ჟურნალისტები საერთოდ არ გასულან კავშირზე:
— არ მომხდარა კომენტარის მოთხოვნა;
— არც განმარტებების მიღება;
— არც ფაქტების გადამოწმება;
— არც ბალანსის უზრუნველყოფა.
რადიო თბილისის მოთხოვნები „იმედის“ მიმართ:
დაუყოვნებლივი უარყოფა და ინფორმაციის გასწორება;
ბოდიშის მოხდა იმავე მოცულობითა და იმავე ეთერით;
გასწორების გამოქვეყნება ყველა ონლაინ პლატფორმაზე.
სხვა შემთხვევაში, რადიო თბილისი გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტებს:
• კომუნიკაციების კომისია
• სასამართლო
• ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
• პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი
• საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება
„ვიმედოვნებ, საკითხი კონსტრუქციულად მოგვარდება“ — წერს რამაზ სამხარაძე წერილში, რომელიც „იმედს“ 24 ნოემბერს გაეგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ჯავახიშვილი – პაატა სალიას მივმართავ: მობრძანდით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში და ნახავთ, რა პირობებში გვიწევს ყოფნა ან მოვითხოვ, ვიდეომეთვალყურეობის კამერის გასაჯაროებას – ასევე, მოგმართავთ პროკურორებს: პასუხს აგებთ