რადიო თბილისის დამფუძნებლის თქმით, მათი ანგარიში დააყადაღეს

რადიო თბილისის დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე ამბობს, რომ რადიოს ანგარიშები და ქონება დააყადაღეს.
ფორმულასთან საუბრისას ის ამბობს, რომ დავალიანება დღეს თითქმის ყველა სამაუწყებლო კომპანიას აქვს და აღნიშნავს, რომ მით უფრო, პროსახელისუფლებო მედიისგან განსხვავებით, მათი დავალიანება არ არის მილიონობით ლარის – ის ამბობს, რომ აღნიშნულის გამო აქამდე არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ.
“ეს არის მთელი კონტექსტის ჯაჭვი, რომელიც უკვე დიდი ხანია მოდის, მათ შორის ამ სამაუწყებლო კომპანიაზე არაერთი ზეწოლით, ჯერ კიდევ 2023 წლიდან, როდესაც შეტევა დაიწყო რადიოს Facebook გვერდზე, დაგვემუქრნენ ფიზიკური განადგურებით, სიტყვიერად მოგვაყენეს შეურაცხყოფა, ვიყავი პოლიციაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, საგამოძიებო დეპარტამენტში, რომელიც ახლა დახურულია, მაგრამ არანაირი შედეგი, აბსოლუტურად არანაირი რეაგირება ამ კონკრეტულ ფაქტებს არ ჰქონია.
ეს არის აღიარებული დავალიანება, ჩვენ არ გვაქვს მილიონობით დავალიანება, ისე, როგორც სხვა სამაუწყებლო კომპანიებს და მათ შორის, პროსახელისუფლებო მედიას. მათი დავალიანება ახლა, ბოლო მონაცემებით, რაც ოფიციალურია, 57 მილიონს აჭარბებს და ჩვენ, რამდენიმე ათასზეა ლაპარაკი, რომელიც აღიარებულია და იცის ძალიან კარგად შემოსავლების სამსახურმა. მთელი ამ ხნის განმავლობაში არანაირი პრობლემა არ ყოფილა, არასდროს და ჩვენ არ ვმუშაობთ, ასე ვთქვათ, ნაღდ ფულზე, ეს არის საბანკო გადარიცხვები, ყოველწლიური აუდიტი, ვაბარებთ ანგარიშებს კომუნიკაციების კომისიას და შემოსავლები ცნობილია”, – ამბობს ის.
რამაზ სამხარაძის თქმით, რადიო თბილისს აქვს მიმდინარე პროცესი კომუნიკაციების კომისიასთან, რათა გაახანგრძლივონ ლიცენცია. ის დაყადაღებას ამასაც უკავშირებს აღნიშნავს, რომ თუ 1 თვის განმავლობაში, ყადაღის გამო, ვერ გადაიხდიან სალიცენზიო გადასახადს, კომუნიკაციების კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას – არ გასცემს ლიცენზიას.
“რა მოხდა დღეს – დილით მოვიდა მეილი, სადაც საქართველოს ბანკმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურის საფუძველზე, დააყადაღეს ჩვენი ანგარიშები. მთავარი ამბავი ის არის, რომ ახლა მიმდინარე პროცესი გვაქვს კომუნიკაციების კომისიასთან, რადგან ლიცენზიის განახლება მომდევნო 10 წლით მიმდინარეობს ახლა. 20 ივნისს გადავიხადეთ ბიუჯეტში სალიცენზიო მოსაკრებლის გადასახადი და ზუსტად, 5 დღეა გასული, დღეს მოვიდა უკვე ე.წ. ინკასო, ყადაღა ჩვენს ანგარიშებზე, რაც თავისთავად შეაფერხებს პროცესს, რომ ჩვენ სამაუწყებლო ლიცენზია გავახანგრძლივოთ, რომელიც გვისრულდება 20 აგვისტოს.
ანუ, თუ ჩვენ 1 თვის განმავლობაში ვერ გადავიხადეთ მომდევნო 10 წლის გადასახადი, რომელიც სალიცენზიო კანონმდებლობით ასე რეგულირდება, ბუნებრივია, კომუნიკაციების კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომ არ მოგვცენ ლიცენზია”, – ამბობს ის.
გარდა ამისა, ის ყადაღას სოზარ სუბარისადმი Facebook-ზე მიძღვნილ პოსტსაც უკავშირებს და ამბობს, რომ “ამასაც დაემთხვა ზუსტად ეს ამბები – მოვიდა დილით მეილი, სადაც იყო ნათქვამი, რომ დაყადაღდა ჩვენი ანგარიში”.
“რაც შეეხება კავშირს – ყველაფერი კავშირშია, რადგან, ჩვენ ვართ კრიტიკული მედია. მე მოვუწოდე ს საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთ წევრს, ყოფილ სახალხო დამცველს, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ჩვენს საქმეებს და გამოძიებული აქვს და ვუთხარი, რომ მეც დამიბარეთ ამ გამოძიებაზე, რადგან ვისაუბრებ, როგორც ს დროს მედია დაფინანსების წყაროებზე, ასევე ვისაუბრებ, დღეს რა ხდება, როგორ მიდის სახელმწიფო დაფინანსება კონკრეტულ მედიასაშუალებებზე, როგორ არის მონოპოლიზებული ბაზარი და ეს არათანაბარი პირობები რომ არსებობს, სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენს კომპანიასაც აქვს დავალიანება. […] ამ პოსტის შემდეგ, ახლა დაემთხვა ზუსტად ეს ამბები, მოვიდა დილით მეილი, სადაც იყო ნათქვამი, რომ დაყადაღდა ჩვენი ანგარიში. ჩვენი მთელი ქონებაც არის დაღადაღებული – აქ არის ტექნიკა, ლიცენზიები და აქ არის ავეჯი”, – ამბობს რამაზ სამხარაძე.