რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების სამხედრო კორესპონდენტმა მარიან კუშნირმა კიევის ოლქში გადაარჩინა 4 წლის გოგო, რომელიც რუსული დრონებით შეტევის შედეგად განადგურებულ ბინაში იმყოფებოდა. გოგონას დედა და მასთან ერთად მცხოვრები კაცი დაიღუპნენ.
რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ჟურნალისტის მიერ გადარჩენილი ბავშვი მამამ და უფროსმა ძმამ წაიყვანეს და ამჟამად უსაფრთხოდაა.
გასულ ღამით, უკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგი შეტევისას კიევის ოლქის ბელოგოროდის რაიონში დრონი ერთ-ერთ სახლს მოხვდა. ამ სახლში ცხოვრობს მარიან კუშნირიც.
ჟურნალისტის ნაამბობით, დრონი სახლის სახურავს შეეჯახა და აფეთქებამ ზედა სართულზე მდებარე ბინაში ხანძარი გამოიწვია. მარიან კუშნირმა აფეთქების კონკრეტული ადგილის ძებნა დაიწყო და ბინაში იპოვა პატარა გოგო, რომელიც ტიროდა და დედას ეძახდა.
ჟურნალისტმა ბავშვი ბინიდან გამოიყვანა და უკან დაბრუნდა სხვების გადარჩენის იმედით, თუმცა ცეცხლი უკვე ძლიერად იყო გავრცელებული. მოგვიანებით გაარკვია, რომ ბავშის დედა და მამაკაცი დრონის დარტყმის შედეგად დაიღუპნენ.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიკოლა კალაშნიკმა სოციალური ქსელებით 28 იანვარს, გამთენიისას გავრცელა ცნობა, რომ ბელოგოროდის რაიონში რუსული დრონებით დარტყმამ ხანძარი გამოიწვია მრავალბინიან სახლში, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა კიევის ოლქის გარდა დაარტყეს ოდესის ოლქს, ქალაქებს, კრივოი-როგსა და ზაპოროჟიეს და სხვა რაიონებს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავდა ათამდე ადამიანი, დაზიანდა სახლები, სხვა შენობები და საპორტო ინფრასტრუქტურა.




