რადგან არ ვართ მიერთებული კეიპტაუნის კონვენციას, პრობლემები შეგვექმნა – Air Georgia

Air Georgia-ს დამფუძნებელი ამბობს, კეიპტაუნის კონვენციასთან არ მიერთება პრობლემას ქმნის არამხოლოდ სალიზინგო კომპანიებთან ურთიერთობაში, არამედ უცხოურ ავიაკომპანიებთანაც.
“საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციასთან“ საქართველოს შეერთების თაობაზე საქართველოს პარლამენტმა დადგენილება ჯერ კიდევ 2007 წელს მიიღო, თუმცა იმისთვის, რომ კეიპტაუნის კონვენციას ქვეყანა მიუერთდეს, პარლამენტის მხრიდან მისი რატიფიცირებაა საჭირო.
იმის გამო, რომ საქართველო საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციასთან მიერთებული არ არის, ქართული ავიაკომპანიებისთვის გართულებულია თვითმფრინავების ლიზინგით შესყიდვის შესაძლებლობაა.
როგორც საქართველოს ბიზნესს ასოციაციაში განმარტავენ, საქართველოს ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული საგარანტიო წერილი საერთაშორისო სალიზინგო კომპანიებისთვის უმეტეს შემთხვევაში მისაღები არ არის, ამიტომ ისინი ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობაზე ან უარს აცხადებენ, ან რისკების გათვალისწინებით განსხვავებული პირობები აქვთ.
Air Georgia-ს დამფუძნებელი BM.GE-სთან აღნიშნულ საკითხზე საუბრისას აღნიშნავს, რომ კონვენციასთან არ მიერთება კომპანიის გეგმებს აფერხებს.
„ძალიან პრობლემატურია ეს საკითხი ავიაციის სექტორისთვის. ჩვენ გვქონია რამდენიმეჯერ მოლაპარაკება სალიზინგო კომპანიებთან და იმის გამო, რომ ჩვენ არ ვართ მიერთებული კონვენციასთან, შეგვექმნა ძალიან სერიოზული პრობლემა. მაგალითად, კონტრაქტის ხელშეკრულების გაფორმებისას ყოფილა შემთხვევა, რომ გაუორმაგებიათ ლიზინგის გადასახადი, რის შედეგადაც ჩვენთვის მიუღებელი გახდა ხელშეკრულების გაფორმება ან საერთოდ უარი უთქვამთ, რადგან რისკებს ხედავენ ჩვენს ქვეყანაში. სალიზინგო კომპანიები აკვირდებიან, არის თუ არა ქვეყანა მიერთებული კონვენციას. ეს მთელ რიგ პრობლემებს ქმნის – გვიძვირებს პროდუქტს და გვირთულებს ურთიერთობას სალიზინგო კომპანიებთან.
შეიძლება გარანტია დაგვიწეროს ავიაციის სააგენტომ, მაგრამ ეს ფურცელი უცხოური კომპანიებისთვის არ არის გარანტია. გარანტია მათთვის არის, მიერთებულია თუ არა საქართველო კონვენციას.
არამარტო სალიზინგო კომპანიები, არამედ არიან ავიაკომპანიებიც, რომელიც ამას აქცევენ ყურადღებას. მაგალითად, როცა არ გვინდა თვითმფრინავის აღება ლიზინგით და დროებით გვინდა თვითმფრინავები ავიყვანოთ, ევროპული დროშით საქართველოში შემოვიყვანოთ და ფრენები განვახორციელოთ. ვალდებულებებს ვერ ანაწილებს ავიაციის სააგენტო. სურვილი აქვს, მაგრამ უფლება არ აქვს, რადგან პარლამენტში უნდა მოხდეს კონვენციასთან მიერთების რატიფიცირება.
რამდენიმე კვირის წინ მივმართე ავიაციის სააგენტოს, რადგან მაქვს მოლაპარაკება ფრანგებთან, გვინდა ფრანგული დროშით თვითმფრინავი შემოვიყვანოთ საქართველოში და რეისები განვახორციელოთ, მაგრამ გვითხრეს, რომ არ არიან მიერთებული [კონვენციას] და აქედან გამომდინარე ძალიან დიდ დროს წაიღებსო გვიპასუხეს, ამიტომ ჩავეხსენით ამ კონტრაქტს”, – აცხადებს გიორგი კოდუა.
ავიაციის დარგში ქართულ ავიაკომპანიებს საჰაერო ხომალდები ძირითადად ლიზინგის წესით შემოჰყავთ. თუ ავიაკომპანია ვერ უზრუნველყოფს გადახდას ან სხვა სახელშეკრულებო პირობების დაცვას, სალიზინგო კომპანიისთვის თვითმფრინავის უკან დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი გარანტია, სწორედ კეიპტაუნის კონვენციაა.
საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციასთან საქართველო მერთების პროცედურების დაჩქარებას ითხოვს ავიაკომპანია Geo Sky-ს, რომელსაც წინა წლებში საჰაერო ხომალდის შემოყვანის დროს გარკვეული პრობლემები შეექმნა.
„დღეისათვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს კანონმდებლობა ითვალისწინებს იგივე პირობებს, რასაც კეიპტაუნი, უბრალოდ ამ შემთხვევაში ეს არის საქართველოს სახელმწიფოს დონეზე, მაგრამ ვინაიდან უცხო ქვეყნის კომპანიები, საიდანაც მოდის საჰაერო ხომალდები საქართველოში მაინც პრიორიტეტს ანიჭებენ საერთაშორისო კონვენციებს.
როცა 2023 წელს ჩამოვიყვანეთ 737 სამგზავრო თვითმფრინავი საკმაოდ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ირლანდიურ კომპანიასთან, რომ დაგვერწმუნებინა, რომ მათი უფლება სრულად იქნებოდა გათვალისწინებული, იმ შემთხვევაში თუ ავიაკომპანია ვერ შეასრულებდა თავის უფლება მოვალეობებს. სწორედ მაშინ გავაგზავნეთ წერილი როგორც ავიაციის სააგენტოში, ისე სამინისტროში თხოვნით, რომ იქნებ განეხილა სახელმწიფოს შესაძლებლობა შეერთებოდა კეიპტაუნის კონვენციას. ჩემი ბოლო მონაცემებით, კეიპტაუნთან ყველა პროცედურა დასრულებულია და დარჩენილია უკვე საქართველოში პარლამენტის მიერ რატიფიცირება”, – აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი შალვა კიკნაძე.
რა პროცედურებია დარჩენილი, საქართველო “საერთაშორისო გარანტიების შესახებ კონვენციას“ მიუერთდეს, ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ამ დრომდე ველოდებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ ვართ ორიენტირებულები, რომ 2030 წლისთვის ბევრად უფრო წინ ვიყოთ ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და ასეთ პირობებში აბსოლუტურად რეალური იქნება საუბრები ევროინტეგრაციაზე – ირაკლი კობახიძე

„ქალაქის მასშტაბით საკმაოდ ბევრი შენობა-ნაგებობაა ავარიული და აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტი დაწყებულიყო“ – თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი