ხვალ, 13 მაისს გაგრძელდება ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა. ნანუკა ჟორჟოლიანს “ქართული ოცნების” წარმომადგენლების თეა წულუკიანისა და მარიამ ლაშხის მიმართ “შეურაცხყოფას” ედავებიან. ლაშხის შემთხვევაში ორგზის.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნანუკა ჟორჟოლიანმა მოსამართლე ნინო ენუქიძეს განუმარტა, თუ რას შეეხებოდა ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული მისი პოსტები.
“ეს იყო ბრაზი [თეა წულუკიანის] განცხადებაზე, ეს იყო ანწუხელიძის დაცვა, ჩემი მიზანი არ ყოფილა თეა წულუკიანისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ეს იყო ჩემი რეაქცია იმ განცხადებაზე რომელიც მან გააკეთა”.
თეა წულუკიანმა, – რომელიც სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობს, – 11 აპრილს სატელევიზიო ინტერვიუში კომისიის მიზნებზე ისაუბრა და თქვა: „ჩვენი [კომისიის] მიზანია იმ პოლიტიკური თანამდებობის პირების… გადაწყვეტილებების შესწავლა და შეფასება. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება, დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას?! ვერავინ“. „ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“, – განაცხადა ამის შესახებ თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი ახრის გადაცემაში „აქტუალური თემა“. „ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“, – დასძინა მან.
მარიამ ლაშხთან დაკავშირებული პოსტის განმარტებისას კი ნანუკა ჟორჟოლიანმა თქვა, რომ “უწყყიარი” “ბატის სმაილი” გამოიყენა “არჩეული დეპუტატის განცხადების შესაფასებლად”
“მან უცხოურ მედიას ინტერვიუ მისცა სადაც თქვა, რომ მას ესმის მასონების ხმები და მას აქვს ურთიერთობა “დიპ სტეიტთან”, ის ბატის სმაილი, რომელიც გამოვიყენე…ჩემთვის სიგიჟეა ჩვენ ჟურნალისტებმა ხომ პოლიტიკოსების ნაბიჯები ხომ უნდა შევაფასოთ , მაგრამ ჟურნალისტობის მიღმა ჩვენ ხომ ადამიანები და მოქალაქეები ვართ, ის შეფასება იყო არა როგორც ჟურნალისტის არამედ მოქალაქის. ჩემი შეფასება წულუკიანი განცხადებაზეც იყო როგორც მოქალაქის და მინდა მჯეროდეს რომ თქვენ, როგორც ბრალმდებელი პროკურორი ზუსტად იმავეს ფიქრობთ ანწუხელიძეზე რასაც მე”,- მან მოსამართლეს მიმართა “ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ წითელი ზღვარია ანწუხელიძე, წითელი ზღვარია მცირეწლოვანი შვილი , შეიძლება თეა წულუკიანს არ მოეწონა ჩემი რეაქცია ანწუხელიძეზე, მაგრამ ეს იყო ადეკვატური რეაქცია და თუ ჩვენ ამას დღეს ჩაგვიხშობენ, ვაი და, ხვალ თქვენ კარზე მოვიდნენ არ გვექნება საშუალება რომ თქვენ დაგიცვათ”.
“ქართული ოცნების” დეპუტატმა მარიამ ლაშხმა 2024 წლის მაისში ბრიტანულ პოდკასტ The News Agents-ზე ჟურნალისტ ლუის გუდალთან საუბრისას გლობალური ომის პარტია შეადარა მასონებს, რომლებსაც “მსოფლიო პოლიტიკაზე და ყველაფერზე გავლენა აქვთ”.მისი სიტყვებით, ზუსტად არ იცის, ვინ არიან ამ ჯგუფის წევრები პიროვნულად, თუმცა „მტკიცებულებები აქვთ, რომ დასავლეთის ომში ჩათრევის შეთქმულება არსებობს.“
დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში “სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფის” საქმეზე 18 ადამიანის სასამართლო სხდომები იყო დანიშნული. შუადღისთვის ცნობილი გახდა, რომ გადაიდო ჟურნალისტების ვიკა ბუკიასა და ვახო სანაიას, პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას, აქტივისტ ანა სუბელიანის, უფლებადამცველი ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელ ბაია პატარაიას, აქტივისტ დავით ქაცარავას, აქტივისტ ქეთი მოლაშვილის სასამართლო სხდომები. მოლაშვილს თეა წულუკიანისა და მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებიან. საქმეზე სხდომა 20 ივნისისთვის გადაიდო. პარტია “მოქალაქეების” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი კი, რომელსაც “ლაშა ტალახაძის შეურაცხყოფას” ედავებოდნენ, თავისი სასამართლო პროცესიდან გააძევა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდერბერგერმა და სასამართლოს უპატივცემლობის გამო 500 ლარით დააჯარიმა.
ნინო წილოსანმა, რომელიც ერთ-ერთია, ვისთან დაკავშირებული პოსტების გამოც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლოში 18 ადამიანია დაბარებული, განაცხადა, რომ მისი და პარტიის სხვა წევრების საჩივრების საფუძველზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო სასამართლოში დაბარებული ადამიანებიდან “არავის არ დაიჭერენ – ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა”.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 6 ივნისს თქვა, რომ პარტია უჩივლებდა ყველას, ვინც „ლანძღავს“, „შეურაცხყოფს“, „ემუქრება“ და „აბულინგებს“. მაშინ მან არ დააკონკრეტა სახელები და გვარები.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება საჯარო ფიგურებზე სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსების გამო სიახლეა საქართველოში.
17316_ე მუხლით ცალკე გამოეყო სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის “სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება”, როდესაც ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ისჯება 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე; ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა – 60 დღემდე.
მიმდინარე სამართალწარმოებაზე კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანის შეფასება სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მოსაზრებებისთვის პოსტების ავტორების სასამართლოში დაბარებაზე ასეთია:
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო იცავს ძალიან მკაცრ და კრიტიკულ მოსაზრებებს, მათ შორის ისეთსაც, რაც საზოგადოების უმეტესობისთვის შეიძლება მიუღებელი და შოკის მომგვრელიც იყოს, მაგრამ ის არ იცავს, მათ შორის, არც საჯარო პირების მიმართ სიძულვილის ენას, ბულინგს, ძალადობის წაქეზებას ან ბილწსიტყვაობას. აზრის გამოხატვა, მათ შორის, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არ შეიძლება მიმართული იყოს კონკრეტული ადამიანის დასაზიანებლად ან დასაკნინებლად. ეს არის სტანდარტი, როგორც სტრასბურგის სასამართლო განმარტავს კონვენციის 10 მუხლს და ამაზე არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული.
დანარჩენი დამოკიდებულია საქმის დეტალებზე და სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე, რაზე დაყრდნობით იბარებენ ამ ადამიანებს ან რა ტიპის გამონათქვამებს ედავებიან.“
ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს FB-სტატუსების გამო 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი „ქართულმა ოცნებამ“ პროევროპული აქციების პარალელურად გაამკაცრა.
ეს კანონი აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ უკვე გამოიყენეს დეპუტატებმა და პოლიციელებმა:
· 17 მაისს ლაშხთან, როცა ის კაფეში იმყოფებოდა მცირეწლოვან შვილებთან ერთად, მივიდა რამდენიმე ქალი შეძახილებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს…“ ლაშხმა ეს შეურაცხყოფად აღიქვა, შსს-ს მიმართა, სასამართლომ კი ორ აქტივისტ სტუდენტ გოგოს 12-12-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 4-ათასლარიანი ჯარიმა.
· 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ მუხლით 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა თორნიკე სხვიტარიძეს და 5 000-ლარიანი ჯარიმა ანი ქავთარაძეს – მათ შსს პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.
· 23 მაისს ზუგდიდის სასამართლომ 3 500 და 4 000-ლარიანი ჯარიმები დააკისრა მარიამ სიჭინავას და კერენ ესებუას, რომლებსაც ირაკლი ზარქუამ უჩივლა მას შემდეგ, რაც ისინი მას ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში დახვდნენ და იქიდან შეურაცხმყოფელი შეძახილებით გააცილეს.
· 4 ივნისს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ალბი კორძაიას – მას თეა წულუკიანმა უჩივლა მის სახლთან მოწყობილი აქციის გამო, რომელზეც კორძაია აპროტესტებდა წულუკიანის განცხადებას საქართველოს ეროვნულ გმირზე, 2008 წლის ომში მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე.
· 5 ივნისს დავით მათიკაშვილმა უჩივლა აქტივისტ ლექსო სამხარაძეს, რომელიც ქუჩაში გადაეყარა და მისი დანახვის შემდეგ დაიწყო სიმღერა, რომელიც ხშირად ისმის ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე: „ოლე, ოლა, „ქოცების“ დედის **ნა“.
· 6 ივნისს 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა აქტივისტ ბექა პაპაშვილს – მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ეს გადაწყვეტილება თეა წულუკიანის სარჩელის საფუძველზე მიიღო. პაპაშვილსაც დეპუტატი მის სახლთან მოწყობილ აქციაში მონაწილეობის გამო უჩიოდა.
ფორუმი
