ჟურნალისტ გურამ როგავას სახის ძვლები და კისრის მალა აქვს მოტეხილი

„ფორმულის“ ჟურნალისტ გურამ როგავას აქციაზე ძალადობის გამო სახის ძვლები და კისრის მალა აქვს მოტეხილი. ამის შესახებ მისმა მკურნალმა ექიმმა განუცხადა ჟურნალისტებს.
„მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას აქვს სახის ძვლების მოტეხილობა, ასევე კისრის მეშვიდე მალის რკალის მოტეხილობა. ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს“, – ამბობს ექიმი.
გურამ როგავაზე გვიან ღამით სამართალდამცავებმა აქციის დაშლის დროს იძალადეს. ძალადობის კადრი რადიო თავისუფლებამ გადაიღო.
ბოლო მონაცემებით, 28-29 ნოემბრის ღამეს პარლამენტთან პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევის დროს 20-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. მათ შორის:
· ფიზიკურად იძალადეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტებზე დავით ქორიძესა და სალომე ჩადუნელზე. ასევე ოპერატორ ზუკა ხიდაშელზე. თავისუფლების კიდევ ერთ ჟურნალისტს, დავით ცაგარელს ჩაარტყეს მუცელში ხელი და მიწაზე დაგდების შემდეგ – წიხლი;
· „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი დააკავეს და დაკავებისას სცემეს – „ვუმეორებდი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი, მაგრამ ამან პირიქით იმოქმედა“, – ამბობს ის;
· OC Media-ს რეპორტიორსა და ფოტოჟურნალისტ მარიამ ნიკურაძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის დახმარება დასჭირდა; მისი თქმით, მას წყლის ჭავლი პირდაპირ მოხვდა, მიწაზე დავარდა და კამერა დაუზიანდა;
· „პუბლიკის“ ჟურნალისტ ნათია ამირანაშვილს გააგდებინეს ტელეფონი, რომელზეც ფეხით შედგნენ; მას ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში. ამავე გამოცემის კიდევ ერთ ჟურნალისტსა და ფოტორეპორტიორს, ალქესანდრე ქეშელაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს;
· „ნეტგაზეთის“ ცნობით, დაშავდა მათი ჟურნალისტი, გივი ავალიანი – მას წიწაკის სპრეი შეასხეს პოლიციელებმა;
· „მედიაჩეკერის“ ცნობით, პოლიციამ „პროექტ 64-ის“ დამფუძნებელს, ფოტოჟურნალისტ გიორგი გოგუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყანა – პოლიციელები გოგუას ფეხებს ურტყამდნენ;
· „TV პირველის“ ცნობით, დაშავდა ტელეკომპანიის ჟურნალისტი ანა მდივანი – მას სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი, რის შემდეგაც სპაზმური შეტევა ჰქონდა. ამავე არხის ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას მუშაობის დროს წყლის ჭავლი მიუშვირეს. წყლის ჭავლით დაშავდა ოპერატორი გიორგი შეწირული;
· სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი შეასხეს პირველი არხის ოპერატორ ტატო კოკაიას.
მასლაა განახლდება
ფორუმი