ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ციცქიშვილის დაკავებაზე: მედია ოცნების სამიზნედ რჩება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ფორმულას ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ქეთა ციცქიშვილის დაკავებას განცხადებით ეხმაურება და -ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის.
ქარტია აცხადებს, რომ ქართული ოცნება განაგრძობს შეტევას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, მოქალაქეებისთვის შეკრების კონსტუტუციით დაცული უფლების შეზღუდვის ფონზე.
მათი თქმით, მედია ქართული ოცნების სამიზნედ რჩება.
“პოლიციამ დღეს, 20 ოქტომბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ უკვე მეორე ჟურნალისტი, დღის გადაცემის წამყვანი, ქეთა ციცქიშვილი, დააკავა. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა. ტელეკომპანია „ფორმულა“ ჟურნალისტის დაკავებას განცხადებით გამოეხმაურა. სავარაუდოდ, პოლიცია ქეთი ციცქიშვილს, ისევე როგორც ვახო სანაიას, გზის გადაკეტვას ედავება.
სასამართლომ გუშინ „ფორმულას“ საღამოს გადაცემების წამყვანს, ჟურნალისტ ვახო სანაიას, 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, სისხლის სამართლის კოდექსში საჩქაროდ შეტანილი – ორ დღეში სამი მოსმენით დამტკიცებული – ცვლილებების საფუძველზე.
„ქართული ოცნება“ განაგრძობს შეტევას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, მოქალაქეებისთვის შეკრების კონსტუტუციით დაცული უფლების შეზღუდვის ფონზე.
მედია „ქართული ოცნების“ სამიზნედ რჩება. მკვეთრად გაუარესებული საკანონმდებლო ჩარჩო, ძალადობრივი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი გარემო, დაუსაბუთებელი ბრალით მაღალი ჯარიმებისა და პატიმრობის შეფარდება, სრული დაუცველობის განცდა – დღემდე ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი არცერთი დანაშაული არ არის გამოძიებული, ჟურნალისტებს პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებაში ხელს უშლის.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროტესტს გამოთქვამს ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნისა და შევიწროების გამო და სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, ვინც „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის შედეგად დაზარალდა.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების დევნა კონსტიტუციის დარღვევით მიღებული კანონების გამოყენებით და მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები დროულად გამოიძიოს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.