ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტს მიმართავს, გააუქმოს სასამართლოში მედიის მუშაობის შემზღუდავი ნორმები, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, მედიის წარმომადგენლებისათვის სასამართლოებში ჰუმანური სამუშაო პირობები უზრუნველყოს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართული ოცნების” პარლამენტისგან მოითხოვს, გააუქმოს სასამართლოში მედიის მუშაობის შემზღუდავი ახლად მიღებული ნორმები, ხოლო პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, მედიის წარმომადგენლებისათვის სასამართლოებში ჰუმანური სამუშაო პირობები უზრუნველყოს.

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მედიის მუშაობის მიმართულებით დაწესებულმა შეზღუდვებმა „უკიდურესად დაამძიმა მედიის მდგომარეობა სასამართლოებში“.

„2025 წლის ივნისში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, მედიასაშუალებებს აეკრძალათ ფოტო, კინო და ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიოჩაწერა არა მხოლოდ სასამართლო სხდომათა დარბაზებში, არამედ სასამართლოების შენობებსა და ეზოებშიც.

ამ დროიდან მოყოლებული, მედიის წარმომადგენლები საათობით დგანან თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან, სადაც ჟურნალისტებს ინტერვიუს ჩასაწერად გამოჰყავთ რესპონდენტები – ადვოკატები და პროკურორები, სასამართლო პროცესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.

გაუმართლებელმა და დაუსაბუთებელმა შეზღუდვებმა უკიდურესად დაამძიმა მედიის მდგომარეობა სასამართლოებში. ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სასამართლოებიდან საზოგადოებამდე ინფორმაციის მისატანად წარმოუდგენელი ძალისხმევის გაღება უწევთ. შეუფასებელია მათი ერთგულება პროფესიის მიმართ და მათი თავდადება საზოგადოებრივი ინტერესისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ იზრუნა ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ელემენტარული სამუშაო პირობების შექმნაზეც კი. მათ ღია ცის ქვეშ უწევთ მუშაობა პაპანაქება მზეში თუ აუტანელ ყინვაში, წვიმასა და ქარში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართული ოცნების” პარლამენტისგან მოითხოვს, გააუქმოს სასამართლოში მედიის მუშაობის შემზღუდავი ახლად მიღებული ნორმები, ხოლო პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, მედიის წარმომადგენლებისათვის სასამართლოებში ჰუმანური სამუშაო პირობები უზრუნველყოს. ჟურნალისტებმა და ოპერატორებმა უნდა შეძლონ სასამართლოსთან დაკავშირებული ამბების გაშუქება ისე, რომ ამით რისკის ქვეშ არ დააყენონ თავიანთი ჯანმრთელობა და სიცოცხლე”,- ნათქვამია განცხადებაში.