სამხრეთ კავკასია, რომელიც, ყურადღების ცენტრში ძირითადად, პოლიტიკური დაძაბულობის, კონფლიქტების თუ გეოპოლიტიკური საკითხების გამო ხვდებოდა – დღეს ყურადღებას მედიის თავისუფლების კრიზისითაც იპყრობს.
“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF), Human Rights Watch, Amnesty International და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად მიუთითებენ, რომ რეგიონში მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა, დევნა და დაპატიმრებები საგრძნობლად გაიზარდა.
2024 წლის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა ავტორიტარული ტენდენციები – მედიის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვნად შეიზღუდა როგორც საქართველოში, ისე განსაკუთრებით, აზერბაიჯანში. გახშირდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ცილისმწამებლური კამპანიები, სამართლებრივი დევნა მტკიცებულებების გარეშე და წინასწარ განჭვრეტადი განაჩენები.
განსაკუთრებით აზერბაიჯანში, ჟურნალისტების დაკავების პრაქტიკა მკვეთრად გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში და ძირითადად უკავშირდება კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. მათი მიმართ წაყენებული ბრალდებები, ძირითადად, დაკავშირებულია ფინანსურ დანაშაულთან (როგორიცაა კონტრაბანდა), თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველების შეფასებით, საქმეები პოლიტიკური მოტივითაა განპირობებული და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას.
დამოუკიდებელი მედიის მიმართ მტრულ გარემოში კი, პირველ რიგში, ქალ ჟურნალისტებს ერგოთ დარტყმა. დღეს ეს ქალები არამხოლოდ საკუთარი სიტყვის თავისუფლებისთვის, არამედ სისტემური ძალადობის წინააღმდეგაც იბრძვიან. მათი წინააღმდეგ მიმართული ზეწოლა ხშირად ორმაგ ხასიათს ატარებს — როგორც პოლიტიკური აქტივობის, ისე გენდერული როლის „გადაჭარბების“ დასჯას. ეს შეიძლება იყოს როგორც სხვა ქალების გაჩუმების მცდელობაც და გზავნილიც საზოგადოების სხვა წევრებისთვის, განსაკუთრებით კი იმ ქალებისთვის, რომლებიც საჯარო სივრცეში არ ერიდებიან რეჟიმების კრიტიკას, რომ ყველას იგივე ელის, თუ სისტემას აკრიტიკებ და ეწინააღმდეგები მას.
ხადიჯა ისმაილოვას საქმემ აზერბაიჯანში ეს გზავნილი ჯერ კიდევ ათი წლის წინ გახადა ცხადი. ის ერთ-ერთ პირველ სიმბოლოდ იქცა როგორც აზერბაიჯანში, ასევე მთელ რეგიონში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებში. ხადიჯა ისმაილოვა წლების განმავლობაში იძიებდა მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ სქემებს, მათ შორის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნეს-ინტერესებს. 2014 წლის დეკემბერში ის დააკავეს, მოგვიანებით კი – თაღლითობასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში დასდეს ბრალი. 2015 წელს მას შვიდნახევარწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ალიევის რეჟიმი მის წინააღმდეგ ბრძოლას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებითაც ცდილობდა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ისმაილოვას საქმე არაერთხელ შეაფასეს როგორც პოლიტიკურად მოტივირებული დევნა, რომლის მიზანი იყო მისი პროფესიული საქმიანობის შეჩერება და საზოგადოებრივი გავლენის შემცირება.
დღეს აზერბაიჯანიოსა და საქართველოს ციხეებში არიან უკვე სხვა ქალი ჟურნალისტებიც. მათ შორის არიან როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები, ისე მედია მენეჯერები და ბლოგერები, რომელთა საქმიანობაც ხშირ შემთხვევაში უკავშირდება ადამიანის უფლებებს, ძალადობის ფაქტებსა და მმართველი ელიტის კრიტიკას. პატიმრობის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ მათი სათქმელი დღეს კიდევ უფრო ხმამაღლა ისმის – სწორედ ისინი გვევლინებიან სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის სახეებად.
აზერბაიჯანის და საქართველოს ციხეებში გამოკეტილი ცხრა ქალი ჟურნალისტი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელის.
სევინჯ ვაგიფგიზი – რედაქტორი
სევინჯ ვაგიფგიზი, დამოუკიდებელი ონლაინ-მედიის – Abzas Media-ს მთავარი რედაქტორი, დააკავეს 2023 წლის 21 ნოემბერს. ის 500 დღეზე მეტია პატიმრობაშია.
Abzas Media– განსაკუთრებით აქტიური იყო კორუფციული სქემების, სახელმწიფო შესყიდვებისა და სასამართლო სისტემის გაუმჭვირვალობის საკითხების გაშუქებაში.
დაკავების დროს პოლიციამ მედიის ოფისში ჩხრეკის შედეგად 40,000 ევრო “იპოვა”, რის საფუძველზეც ვაგიფგიზის უცხოური ვალუტის კონტრაბანდაში დასდეს ბრალი. თავად რედაქტორი და მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თანხა “ჩაუდეს”. Reporters Without Borders-მა მისი დაკავება მკაცრად გააკრიტიკა, როგორც დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების ნაწილი. ორგანიზაციამ დააანონსა, რომ სევინჯ ვაგიფგიზის გათავისუფლების მოთხოვნით ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს. კამპანია ხუთ ქვეყანაში დაკავებული ჟურნალისტების მიმართ საერთაშორისო ყურადღების მობილიზებას ისახავს მიზნად, ვაგიფგიზის საქმე ერთ-ერთ მთავარ საქმედ სახელდება.
ნარგიზ აბსალამოვა – გარემოსდაცვითი პროტესტიდან ციხემდე
ნარგიზ აბსალამოვა Abzas Media-ს ახალგაზრდა ჟურნალისტია, რომელიც განსაკუთრებით აქტიური იყო სოციალურ პროტესტებზე, მათ შორის ეკოლოგიური თემების გაშუქებაში. 2023 წლის დეკემბერში ის დააკავეს და იგივე ბრალდება წაუყენეს – უცხოური ვალუტის კონტრაბანდა.
Amnesty International-მა აბსალამოვას საქმე შეაფასა როგორც ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა და პოლიტიკური დევნის ნაწილი.
ელნარა გასიმოვა
ელნარა გასიმოვა Abzas Media-ს თანამშრომელია, რომელიც დაკავეს 2024 წლის იანვარში. თავდაპირველად მოწმის სტატუსით დაიბარა პოლიციამ, თუმცა მოგვიანებით თავადვე იქცა ბრალდებულად იგივე კონტრაბანდის საქმეში.
მისი დაპატიმრება ექსპერტებმა შეაფასეს როგორც ხელისუფლების ტაქტიკა მედიაზე ზეწოლის გასაძლიერებლად – მცირე რანგის ჟურნალისტებზეც კი, რათა შიშის და თვითცენზურის ეფექტი გაღრმავდეს.
აითაჯ თაფთიგი
აითაჯ თაფთიგი Meydan TV-ს ახალგაზრდა ჟურნალისტი, დაპატიმრებამდე აზერბაიჯანში ერთ-ერთი იშვიათგანი ქალი იყო, ვინც აქტიურად აშუქებდა საპროტესტო მოძრაობებს, სოციალური დაპირისპირებისა და ძალადობის ფაქტებს.
ის დააკავეს 2024 წლის დეკემბერში და ბრალად წაუყენეს უცხოური ვალუტის კონტრაბანდა.
მისი დაკავებისას სამართალდამცავებმა არ წარმოადგინეს მკაფიო მტკიცებულებები, თუმცა სასამართლომ მაინც წინასწარი პატიმრობა შეუფარდა Human Rights Watch-მა და CPJ-მ (Committee to Protect Journalists) განაცხადეს, რომ აითაჯის საქმე აშკარად პოლიტიკური შინაარსის მატარებელია და მიზნად ისახავს სამოქალაქო მედიის დემორალიზებას.
Meydan TV-ის ჟურნალისტმა, აითაჯ თაფთიგმა, ბაქოს სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ კონტრაბანდის ბრალდება დაუსაბუთებელია. დაცვის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს მის წინააღმდეგ რაიმე მტკიცებულება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ თაფთიგი პატიმრობაში დატოვა.
11 მარტს ECHR-მა გამოაქვეყნა გადაწყვეტილება აითაჯ თაფთიგის (ყოფილი აითაჯ ახმედოვა) 2015 წლის სარჩელის საფუძველზე.სარჩელი უკავშირდებოდა მის იძულებით მიყვანას აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში 2015 წლის სექტემბერში, სადაც მას Meydan TV-ის საქმიანობაზე კითხავდნენ. ამასთან, მისი ბინის ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს ორდერის გარეშე, ჩამოართვეს კომპიუტერი, ხოლო მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა მისი პირადი ფოტოები, მათ შორის სანაპიროზე გადაღებული. სოციალურ ქსელებში ფოტოებს თან ახლდა ძალადობრივი მოწოდებები ჟურნალისტის წინააღმდეგ.ადგილობრივმა სასამართლოებმა არ ჩაატარეს გამოძიება მისი პრეტენზიების საფუძველზე, რაც ECHR-მა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემა) დარღვევად ცნო.სტრასბურგის სასამართლომ აზერბაიჯანს დააკისრა თაფთიგისთვის 4500 ევროს კომპენსაციის გადახდა მორალური ზიანისთვის, 1000 ევროს გადახდა კი, სასამართლო ხარჯების დასაფარად.
აისელ უმუდოვა
აისელ უმუდოვა განსაკუთრებული ტონით წერდა სოციალურ საკითხებზე სტატიებს, ხშირად ირონიულად აღწერდა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. ის არასდროს განიხილებოდა როგორც “რადიკალური ჟურნალისტი”, თუმცა ამის მიუხედავადა, 2024 წლის დეკემბერში ისიც იგივე ბრალდებით – კონტრაბანდით – დააკავეს.
აისელის კოლეგები ამბობენ, რომ მისი სტილი და ენაც სწორედ იმ ქალებისთვის იყო შთამაგონებელი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მედიის სივრცეში მათი ადგილი არ იყო.
აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჟურნალისტ აისელ უამუდოვას საჩივარი შინაპატიმრობაში გადაყვანასთან დაკავშირებით.
ხაიალა აღაევა – ჟურნალისტი, რომელიც ქალებზე წერდა
ხაიალა აღაევას პროფესიული ფოკუსი ხშირად მოიცავდა ქალთა უფლებებს, სოციალური უთანასწორობის საკითხებს და რეგიონული თემების გაშუქებას. ის არ იყო ხმაურიანი გამოძიებების ავტორი, მაგრამ მისი კოლეგების მონაყოლით, სწორედ მისმა „მშვიდმა“ ტონმა მიიპყრო ათასობით მკითხველის ყურადღება.
ისიც 2024 წლის დეკემბერში დააკავეს Meydan TV-ს თანამშრომელთა ჯგუფთან ერთად. ბრალდება იგივე იყო – კონტრაბანდა.
მზია ამაღლობელი – მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო საქართველოში
მზია ამაღლობელი, დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის, ონლაინგამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი. მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით დააკავეს საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო. მოგვიანებით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე, 12 იანვარს, ხელახლა დააკავეს პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის, სილის გაწვნის ბრალდებით. ამ ქმედებისთვის მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353^1 მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავების შემდეგ, ამაღლობელმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, რაც 38 დღის განმავლობაში გაგრძელდა.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის Amnesty International-მა, მისი დაკავება შეაფასეს, როგორც მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა და ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. ამაღლობელის საქმემ საქართველოში კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინაშე არსებულ გამოწვევებს.
ფატიმა მავლამლი – დამოუკიდებელი ჟურნალისტი
ფატიმა მავლამლი, დამოუკიდებელი ჟურნალისტი, დააკავეს 2025 წლის 28 თებერვალს ბაქოში. მას ბრალად წაუყენეს უცხოური ვალუტის კონტრაბანდა და წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს. თავად თავს დამნაშავედ არ აღიარებს და ამბობს, რომ მისი საქმეც, სხვების მსგავსად პოლიტიკურად მოტივირებულია.
„ყველაფერი კარგად არის. ჩემს ხელბორკილებს აღვიქვამ როგორც ჩემს ახალ ჟურნალისტურ მოწმობას“, – წერს ჟურნალისტი ციხიდან.
აინურ ელგუნეში
აინურ ელგუნეში (გამბაროვა) აზერბაიჯანელი ჟურნალისტია, რომელიც ასევე დამოუკიდებელ მედიასაშუალებაში Meydan TV-ში მუშაობს. 2024 წლის 6 დეკემბერს, ბაქოში, ის და მისი კოლეგები დააკავეს უცხოური ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით.
აინურ ელგუნეში ცნობილია სოციალური საკითხების, ადამიანის უფლებების და კორუფციის თემებზე გაშუქებით. მისი კოლეგები მას აღწერენ, როგორც პროფესიონალ და თავდადებულ ჟურნალისტს, რომელიც მუდმივად ცდილობდა ახალი იდეების და სტრატეგიების დანერგვას მედიის სფეროში.
2025 წლის აპრილში, სასამართლომ ელგუნეშის წინასწარი პატიმრობა კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა, მიუხედავად მისი ადვოკატების მოთხოვნისა, რომ გათავისუფლებულიყო შინაპატიმრობაში.
შაჰნაზ ბეილერგიზი – Toplum TV-ს ჟურნალისტი
შაჰნაზ ბეილერგიზი, Toplum TV-ს ჟურნალისტი, დააკავეს 2025 წლის 5 თებერვალს ბაქოში. მას ბრალად წაუყენეს უცხოური ვალუტის კონტრაბანდა და წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს. მოგვიანებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 26 თებერვალს იგი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს.
