საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი, ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე, – რომელიც მაუწყებლიდან 2020 წელს გაათავისუფლეს, – იუწყება, რომ მაუწყებელმა ხუთი წლისა და ოთხი თვის შემდეგ გადაუხადა სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია.
„5 წლისა და 4 თვის თავზე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოუხდა კომპენსაციის გადახდა. მიზეზი უკანონო გათავისუფლებაა“, – წერს თეონა ბაკურიძე ფეისბუკზე.
· ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე 2020 წლის 13 მარტს გაათავისუფლა სამსახურიდან მაშინდელმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ; ახლა კოხრეიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრია;
· ბაკურიძე კრიტიკული კითხვებით გამოირჩეოდა. 2019 წლის 6 სექტემბერს აჭარის მთავრობის მეთაურმა მისი კრიტიკული კითხვების პასუხად უთხრა: „დაოკდით“;
· დირექტორის გადაწყვეტილება ჟურნალისტმა სასამართლოში გაასაჩივრა;
· პირველი ინსტანციის სასამართლომ – ბათუმის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ) – მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა;
· მეორე ინსტანციის სასამართლომ – ქუთისის სააპელაციო სასამართლომ – ბათილად კოხრეიძის ბრძანებები თეონა ბაკურიძის სატელევიზიო საქმიანობიდან ჩამოშორების და მისი გათავისუფლების შესახებ;
· ბაკურიძის სარჩელი სამსახურში აღდგენასაც ითვალისწინებდა, თუმცა სასამართლომ მისი ვერაღდგენის სანაცვლოდ, აჭარის ტელევიზიას დააკისრა თეონა ბაკურიძის ექვსი თვის განაცდურის კომპენსაცია;
· საქმე უზენაეს სასამართლოშიც გასაჩივრდა. საბოლოოდ, 2025 წელს, უზენაესმა სასამართლომ, – მართალია, არ დაუდგენია დისკრიმინაცია, როგორც ამას მომჩივანი ითხოვდა, – კოხრეიძის ბრძანებები ეთერიდან ბაკურიძის ჩამოშორებისა და გათავისუფლების შესახებ უკანონოდ მიიჩნია.
· ჟურნალისტის ინტერესებს თავდაპირველად „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, მოგვიანებით კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ იცავდა (TI-ის იურისტი ანა ბერძენიშვილი იყო).
თეონა ბაკურიძე წერს, რომ მისი საქმე არის მაგალითი, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდათ ადამიანებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციებს, – რომლებიც „ქართული ოცნების“ შემზღუდავი კანონების ამოქმედების შემდეგ დახურვის რისკის წინაშე დგებიან.
„სრულიად უსასყიდლოდ, დღე და ღამე იშრომა ძალიან კომპეტენტურმა იურისტმა ანა ბერძენიშვილმა იმისთვის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიკერძოებული გადაწყვეტილება ვეღარ დაეტოვებინა ძალაში მეორე და მესამე ინსტანციას, ეს უბრალოდ შეუძლებელი გამხდარიყო.
იარა საქალაქოში, სააპელაციოში, წერა-იკითხა-აგზავნა წინ და უკან დოკუმენტები. დამეხმარა ბოლომდე- აღსრულების ნაწილშიც კი.
რისთვის გააკეთა ეს? ჩემი, როგორც ჟურნალისტის უფლებების დაცვისთვის, ადამიანისთვის ვინც უკანონოდ გაათავისუფლეს, ვისაც სიცრუე დააბრალეს.
ხვალ შეიძლება თქვენ დაგჭირდეთ უფასო იურიდიული დახმარება, მაგრამ მათ ეს შესაძლოა უბრალოდ ვეღარ გააკეთონ“, – წერს თეონა ბაკურიძე.
მისი თქმით, ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილია, „რომელსაც სურს დაგტოვოთ დაუცველები, უკანონობის პირისპირ“.
„ჩემი მაგალითი ალბათ უმცირესია, იმასთან რასაც არასამთავრობოები აკეთებენ ხალხისთვის“, – წერს ჟურნალისტი.
აჭარის ტელევიზიიდან გათავისუფლების შემდეგ თეონა ბაკურიძემ მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია „პირველში“, შემდეგ კი გადავიდა „ფორმულაში“, რომელიც 2025 წლის მაისიდან დატოვა.
