მათ ეს გადაწყვეტილება ცალ-ცალკე გააცნო მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა დღეს საღამოს, 11 აპრილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობაში.
„მოამბის“ აწ უკვე ყოფილმა წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ გათავისუფლების შესახებ დირექტორთა საბჭოს მიღებული გადაწყვეტილება დღეს, მცირე ხნის წინ გააცნო მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ამ გადაწყვეტილებას სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის სარედაქციო პოლიტიკასა და პოლიტიკურ გავლენებს უკავშირებს:
„ჩვენ ვითხოვდით ეთერის გახსნას, რათა მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე ყოფილიყო [მაუწყებელზე] ფართო დისკუსია, თუმცა ამის რესურსი ვერ მოიძებნა, – როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეს რესურსი ნამდვილად აქვს, მთავარი ნებაა. ეს ნება კი არ არსებობს“, – გვითრა ტელეწამყვანმა.
„ნების არარსებობა კი უკავშირდება იმ გავლენებს, რასაც ვასილ მაღლაფერიძე ატარებს საზოგადოებრივ მაუწყებელში“, – ამბობს ის.
სამსახურიდან გაუშვეს ნინო ზაუტაშვილიც, რომელსაც წლების განმავლობაში მიჰყავდა სოციალური საკითხების შესახებ ტელეგადაცემა „რეალური სივრცე“.
„ზუსტად ორი წუთის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა, ელენე მიხაილოვამ [იურიდიული სამსახურის უფროსმა] და თამარ შუბლაძე [HR] თავის ქნევით მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და, სამწუხაროდ, უნდა გაგიშვათო“, – ამბობს ნინო ზაუტაშვილი.
მის ვიდეოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“ ავრცელებს – ჯგუფი, რომელიც მაუწყებელში დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას ითხოვს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გავლენებს უპირისპირდება.
ორივე ჟურნალისტი გეგმავს, რომ მაუწყებლის ეს გადაწყვეტილება სასმართლოში გაასაჩივროს.
„რა თქმა უნდა, ეს საქმე წავა სასამართლოში“, – ამბობს ზაუტაშვილი.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელსაც პირველ არხზე „მოამბე“ მიჰყავდა, 2025 წლის 4 თებერვალს ჩამოაშორეს გადაცემას.
მენეჯმენტმა მას ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთა იმით, რომ გადაცემის პროდიუსერებმა მასთან მუშაობის გაგრძელებაზე „განაცხადეს უარი“.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ტელეარხის ის იშვიათი ჟურნალისტი იყო, – ნინო ზაუტაშვილთან და რამდენიმე სხვასთან ერთად, – რომელიც საჯაროდ ამბობდა, რომ „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკა „ვერ პასუხობს იმ მოთხოვნას, რომელიც არის საზოგადოებაში“.
„ის, რაც ახლა მაუწყებლში ხდება,ძირითადად და არსებითად, ერთი პიროვნების ბრალია“, – დაწერა ივანოვ-ჩიქოვანმა 5 თებერვალს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეზე, ვასილ მაღლაფერიძეზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეზე.
მისი ეთერს ჩამოშორება მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც რეპრესია თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.
ფორუმი
