ჟინვალში რამდენიმე წლის წინ დაარსებული „სოციალური განვითარების და განათლების ცენტრი“ უკვე 80 შშმ პირს ემსახურება. ცენტრის შექმნის იდეა მარიამ ჯაბნიაშვილს ეკუთვნის – ახალგაზრდა ფსიქოლოგსა და მეტყველების თერაპევტს, რომელმაც თბილისში უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ პროფესიული საქმიანობა მშობლიურ რეგიონში გააგრძელა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ინკლუზიური გარემოს შექმნა მიზნად დაისახა.
ცენტრი დღეისთვის ადგილობრივ და დედაქალაქიდან ჩასულ ბავშვებსა და მოზარდებს ენისა და მეტყველების თერაპიას, ქცევით თერაპიას, სკოლამდელი მზაობის კურსებსა და სხვა განვითარების მხარდამჭერ პროგრამებს სთავაზობს. როგორც ჯაბნიაშვილი BM.GE-სთან ამბობს, ცენტრში მოთხოვნა მიწოდებაზე მაღალია – 80 რეგისტრირებულ ბენეფიციარს სექტემბრიდან კიდევ 21 დაემატება.
“დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ამ დროისათვის 5 თანამშრომელი მყავს დასაქმებული, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ და მეხმარებიან, აქედან ერთ-ერთი თავადვე გადავამზადე. ამ ეტაპზე, ჩემი ცენტრი ადგილობრივი ბავშვებისთვის ატარებს აკადემიური უნარების თერაპიას, ენისა და მეტყველების თერაპიას, ქცევით თერაპიას, სკოლამდელი მზაობასა და ლოგიკის კურსს, რაც მათ მეტყველების, ლოგიკური აზროვნებისა და საჭირო უნარების განვითარებაში უწყობს ხელს. 80 ბენეფიციარიდან, 5 ბავშვს სოციალურ-ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით სერვისს სრულიად უსასყიდლოდ ვაწვდით“, – ამბობს ჯაბნიაშვილი.
მისივე თქმით, რეგიონში დაბრუნებულს ბევრი გამოწვევა დახვდა, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის არ არსებობდა არანაირი სერვისი და რესურსი, რაც მათ საჭიროებებს დააკმაყოფილებდა. სწორედ ამ პრობლემამ უბიძგა ახალგაზრდა მეწარმეს საკუთარი ხელით შეეკეთებინა ავტოფარეხი და შესაბამისი პირობები შეექმნა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო იქ ბავშვების მიღება და მათთან მუშაობა. მისი საქმიანობის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულმა პროექტმა „SKYE NET – ცოდნისა და უნარების გაძლიერების პლატფორმა ახალგაზრდებისთვის“ ითამაშა, რომელსაც საქართველოში World Vision საქართველო ახორციელებს. პროექტი მხარს უჭერს ახალგაზრდა მეწარმეებს ინოვაციური იდეების რეალიზებაში და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდული სოციალური მეწარმეობის განვითარებას საქართველოში. სწორედ ამ პროექტში მონაწილეობით, მარიამმა წარმატებით გაიარა რამდენიმეეტაპიანი კონკურსი და მისმა ბიზნეს იდეამ გაიმარჯვა. შედეგად, მას 15 000 ლარის ღირებულების ლაზერის საჭრელი აპარატი გადაეცემა, რაც მას საქმიანობის განვითარებაში დაეხმარება. აპარატის გამოყენებით, ცენტრი ბავშვებისთვის შესაბამის სასწავლო რესურსებს აწარმოებს, რაც მარიამ ჯაბნიაშვილის თქმით, ადგილობრივების დასაქმებას კიდევ მეტად შეუწყობს ხელს.
„ლაზერის აპარატი ჩვენს ცენტრში ახალი ფუნქციის გაჩენას ნიშნავს. დაიწყება საგანმანათლებლო/განმავითარებელი რესურსების ადგილობრივი წარმოება და, რაც მთავარია, ეს დასაქმების ახალ შესაძლებლობებს შექმნის. რეგიონისთვის ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია, რადგან ადგილზე დასაქმება კვლავ დიდ გამოწვევად რჩება“, – განმარტავს მეწარმე.
მისივე თქმით, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, პროექტის ფარგლებში მან გაიარა გადამზადება სოციალური მეწარმეობისა და ბიზნეს გეგმის წერის კუთხით და მიიღო ღირებული ცოდნა, რაც საკუთარი ცენტრის კიდე მეტად განვითარებაში და საქმიანობის გაფართოებაში ეხმარება. როგორც ის ამბობს, World Vision საქართველომ მას საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობაც მისცა – კერძოდ, იმყოფებოდა სომხეთში ადგილობრივი სოციალური საწარმოების გასაცნობად და ინოვაციური იდეებისა და მოდელების შესასწავლად.
მარიამ ჯაბნიაშვილის თქმით, მთავარი გამოწვევა ამ დრომდე არის სათანადო სივრცე შესაბამისი პირობებით, რომლის არქონის გამო ცენტრი ვერ იღებს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ რეგისტრაციას, რაც სახელმწიფოსთან პარტნიორობისა და უფასო პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობას მისცემდა.
„თუ ოფიციალურ რეგისტრაციას მივიღებთ, სახელმწიფო დაფინანსებით სერვისის მიწოდება შესაძლებელი გახდება და გაცილებით მეტი ბავშვის დახმარებას შევძლებთ. ამ ეტაპზე კი, გარკვეული მიმართულებით მოხალისეობრივად გვიწევს მუშაობა, რაც დიდი გამოწვევაა“, – ამბობს სოციალური მეწარმე.
