ჟენევაში ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს

ჟენევაში ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ჟან ნოელ-ბარო (საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), იოჰან ვადეფული (გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი), დევიდ ლემი (დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), კაია კალასი (ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი) და აბას არაღჩი (ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი).
CNN-ის ცნობით, ირანელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა ჟენევაში 90 წუთის განმავლობაში ისაუბრეს, რის შემდეგაც შესვენება აიღეს. ამჟამად ორი მხარე ცალ-ცალკე ოთახებში მართავენ კონსულტაციებს და მოლაპარაკებების აღდგენა უმოკლეს დროშია მოსალოდნელი.
შეხვედრამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ „ახლა ფანჯარა არსებობს“ ახლო აღმოსავლეთში ესკალირებადი კრიზისის დასასრულებლად.
ცნობისთვის, შეხვედრამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიპლომატიური წინადადების ოთხი კომპონენტი გააჟღერა, რომელსაც ევროპელები ირანულ მხარეს ჟენევაში წარუდგენდნენ: ირანში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) მუშაობის აღდგენა, რათა ირანმა სრულად შეწყვიტოს ურანის გამდიდრება; ირანის ბალისტიკურ საქმიანობაზე მეთვალყურეობა; რეგიონში თეირანის მარიონეტების დაფინანსებაზე მეთვალყურეობა და ირანის მიერ მძევლების გათავისუფლება, ანუ თეირანის მიერ დაპატიმრებული უცხოელების, რომელთა შორის საფრანგეთის ორი მოქალაქეა.