ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინ მოლაპარაკებების დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალასკაში შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტისგან ცეცხლის უპირობო შეწყვეტას მოითხოვს, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელ X-ში წერს.
მისი თქმით, ტრამპმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებული ნებისმიერი მოლაპარაკება მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანდასწრებით, შემდეგი შეხვედრის დროს გაიმართება.
„მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეუერთდება საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების სისტემას, შემუშავებულს „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების მიერ, რომელიც შედგება საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიისგან“, – აცხადებს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ ბერლინში ჩავიდა, სადაც მან ვიდეოკონფერენციები გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ტერიტორიული საკითხები მოლაპარაკების საგანი არ იქნება არავისთან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა.




